ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის ეგიდითა და კ. ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, ჰემოფილიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე მონაწილეობდნენ ექიმი-ჰემატოლოგები, ექსპერტები და პაციენტები, რომლებმაც ჰემოფილიის მართვაში არსებულ სირთულეებზე, პროფილაქტიკური მკურნალობის ხელმისაწვდომობის აუცილებლობასა და მისი ეფექტურობის შესახებ კიდევ ერთხელ იმჯელეს. ასევე მოწვეული იყვნენ ჯანდაცვის სამინისტროსა და სხვა სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლებიც.
შეხვედრა მიზნად ისახავდა დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, პროფილაქტიკური მკურნალობის ეფექტიანობასთან დაკავშირებით ინფორმაციის გაზიარებას და ამ მიმართულებით სახელმწიფო პროგრამის გაფართოების საჭიროების შეხსენებას.
ღონისძიებას უძღვებოდა ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის პრეზიდენტი რომანოზ ხომასურიძე, რომელმაც
კიდევ ერთხელ ისაუბრა დღეს არსებულ ინოვაციურ მიღწევებზე - „ჰემოფილია დღეს საქართველოში“. ჰემოფილიის პროფილაქტიკური მკურნალობის მნიშვნელობაზე, რა განსხვავებაა ინტრავენურ და კანქვეშა ინექციით პროფილაქტიკურ მკურნალობას შორის, რა პრობლემებს უქმნის ჰემოფილია პაციენტებს და რამდენი საჭიროებს ამ ეტაპზე მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვას, რეაბილიტაციის როლი ჰემოფილიის მქონე პაციენტის ცხოვრების გაუმჯობესებაში და სხვა ინოვაციურ მიღწევებზე იმსჯელეს ექიმმა-ჰემატოლოგებმა კონსტანტინე ჩომახიძემ პედიატრ-ჰემატოლოგმა თამარ ნადირაძემ, ჰემოფილიის ცენტრის ორთოპედ-ტრავმატოლოგმა რამაზ ფილფილაშვილმა და ჰემოფილიის ცენტრი ფიზიოთერაპის მეთოდისტმა ლიკა რამიშვილმა.
კონფერენციის დასასრულს გაიმართა დისკუსია.
შეგახსენებთ, რომ ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის ინიციატივით ჰემოფილიის საერთაშორისო დღე 1989 წლიდან, ყოველწლიურად 17 აპრილს აღინიშნება. ამ დღის მიზანია დაავადებასთან მიმართებაში საზოგადოებრივი დაინტერესება და ინფორმაციულობის დონის გაზრდა. წელს ჰემოფილიის მსოფლიო დღე იმართება ლოზუნგით - „ხელმისაწვდომობა ყველას - სისხლდენის პროფილაქტიკა, როგორც მკურნალობის გლობალური სტანდარტი“.
ჰემოფილია თანდაყოლილი დაავადებაა და ძირითადად მამაკაცებში ვლინდება. ქალი კი, მხოლოდ დაავადების მტარებელია. დაავადების მქონე პირებს, სისხლის შედედების პრობლემები აქვთ და სისხლდენებისკენ არიან მიდრეკილნი. ჰემოფილიას შეუძლია რადიკალურად გააუარესოს როგორც დაავადებულთა, ასევე მათი ოჯახების, მეგობრებისა და მომვლელების ცხოვრების ხარისხი.
დღეს ჰემოფილიის მართვა უფრო მარტივია, ვიდრე ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ. აქცენტი კეთდება პროფილაქტიკურ მკურნალობაზე, რომელიც უზრუნველყოფს არა უკვე არსებული სისხლდენის შეჩერებას, არამედ იმას, რომ სისხლდენები ნაკლები სიხშირით ან სულ არ განვითარდეს. პროფილაქტიკური მკურნალობა პაციენტების საზოგადოებაში სრულ ინტეგრირების და ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების საშუალებას იძლევა. ინოვაციურმა კანქვეშა პროფილაქტიკურმა მკურნალობამ ჰემოფილიით დაავადებული პაციენტების ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია მსოფლიო მედიცინაში. დღეს, პაციენტს შესაძლებლობა ეძლევა, რომ კვირაში ან თვეში ერთხელ საკმაოდ მარტივად კანქვეშ გაიკეთოს მედიკამენტი, რაც ხელს უწყობს სისხლის ნორმალური შედედების პროცესს და პაციენტს სისხლჩაქეცევები და სისხლდენა აღარ უვითარდება. საქართველოში კანქვეშა ინექციით პროფილაქტიკური მკურნალობა ამოქმედებულია და მასში ჩართულია 14 პაციენტი, დამატებით, მოლოდინის რეჟიმში არის 80-მდე პაციენტი, რაც ხაზს უსვამს პროგრამის გაფართოების საჭიროებას.
ინფორმაცია დაავადების შესახებ:
არსებობს მითი, რომ ჰემოფილია „სამეფო დაავადებაა“ და დაავადებული ადამიანები დაკავშირებულნი არიან სამეფო შტოებთან. მითი მომდინარეობს ფაქტიდან, რომ დედოფალი ვიქტორია სწორედ ჰემოფილიის გენის მტარებელი იყო, შესაბამისად მისი შვილები ჰემოფილიით დაავადებულნი. ჰემოფილიაზე ცნობების არ ქონის გამო კი იმ დროში გავრცელდა მითი რომ ჰემოფილიით დაავადებულნი სამეფო შთამომავლობისანი იყვნენ.
მკურნალობის გარეშე ჰემოფილიით დაავადებულ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს:
სისხლჩაქცევები განმეორებადი სისხლდენები კუნთებსა და სახსრებში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სახსრების შეუქცევადი დაავადებები, რის შედეგადაც დაავადებული, მკვეთრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ხდება. როგორც სპონტანური ისე ტრავმული სისხლდენა შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს, თუ ის საიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებში დაიწყება გახანგრძლივებული და არაკონტროლირებადი სისხლდენა ტრავმის ან ოპერაციის შემდეგ
საქართველოში ჰემოფილიითა და სხვა სისხლმდენი პათოლოგიით 397 ადამიანია დაავადებული, მსოფლიო სტატისტიკით კით 10 ათას მამაკაცზე ერთი ჰემოფილიით დაავადებულია. დღესდღეობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ამ დაავადებით 400 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. დღეს, ჰემოფილიის მართვა უფრო მარტივი ხდება, უკვე არსებობს თანამედროვე შესაძლებლობები, რომლითაც ამ დაავადების დიაგნოსტირება და ადრეულ ეტაპზე გამოვლენაა შესაძლებელი, პროფილაქტიკური მკურნალობის შედეგად შესაძლებელია პაციენტების ცხოვრება სისხლდენის გარეშე.