“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” ბენეფიციარებმა ინგლისური ენის შემსწავლელი მორიგი სასწავლო კურსის დასრულება აღნიშნეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ დიდი ბრიტანეთის სამხედრო ატაშე, მეთაური სტივ ქუანთრილი, ფონდის წარმომადგენლები და სამხედროების ოჯახები. ინგლისური ენის შემსწავლელ ცენტრში British Corner სასწავლო კურსი 50 მოსწავლემ გაიარა. 

საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო მოსამსახურეების არასრულწლოვანი შვილებისთვის ინგლისური ენის შემსწავლელი კურსების დაფინანსებას, დიდი ბრიტანეთის საელჩოს ინიციატივაა.  

„ამ პროექტის ფარგლებში, უკვე რამდენიმე წელია, სამხედროების და ვეტერანთა შვილები ინგლისურ ენას ეუფლებიან. დღევანდელი პრეზენტაციის ბოლოს, ბავშვებმა ისაუბრეს, თუ რა მისიები ჰქონდათ მათ მშობლებს თავდაცვის ძალებში. ისინი ამაყობენ იმ ჯილდოებით, რომელიც მათმა მშობლებმა დაიმსახურეს. ეს ყველაფერი ძალიან ემოციური იყო. სამხედროებს და მათ ოჯახებს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. მე ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ“- განაცხადა დიდი ბრიტანეთის საელჩოს სამხედრო ატაშემ, მეთაურმა სტივ ქუანთრილიმ.

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ კომპანია სილქნეტის სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი და გრძელვადიანი პროექტია. ფონდის ბენეფიციარები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, ასევე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები და ვეტერანები, მათი ოჯახის წევრები არიან.  ფონდი 2018 წელს დააფუძნა სილქნეტმა და მისი მთავარი  დონორი გახდა. 

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო დიდი ბრიტანეთის ელჩს, ბატონ მარკ კლეიტონს და სამხედრო ატაშეს სტივ ქუანთრილს, ამ ინიციატივისთვის და სამხედრო მოსამსახურეების შვილების მხარდაჭერისთვის. მათგან იგრძნობოდა თანადგომა ჩვენი მებრძოლების მიმართ. გასულ წელს საქართველოში მოღვაწე სამხედრო ატაშეებმა ჩაატარეს საქველმოქმედო მარათონი. ამ ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხა ფონდის ანგარიშზე“. - განაცხადა სილქნეტის და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ გენერალურმა დირექტორმა დავით მამულაიშვილმა.

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდს“ 2 500 000 ლარზე მეტი თანხა აქვს გაღებული სამხედროების, მათი ოჯახების ჯანმრთელობის, პროფესიული გადამზადების და  საცხოვრებლის ადაპტირების საკითხებში.

 „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდისთვის“ შექმნილია საქველმოქმედო ნომერი 0 901 777 771 (1 ზარი-1 ლარი) და გახსნილია ანგარიშები, სადაც ნებისმიერი თანხით შესაძლებელია გმირი მებრძოლების მხარდაჭერა.

გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის!