საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში, მწვანე ენერგეტიკის შესახებ გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. სემეკის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა მწვანე ენერგეტიკის განვითარების მნიშვნელობაზე. მან ვრცლად ისაუბრა მარეგულირებელი ჰესების მშენებლობის აუცილებლობასა და ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმებზე. 

„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართულ მე-11 დისკუსიაში, სახელწოდებით „მწვანე ენერგეტიკის პერსპექტივები და რეგულირება“, სემეკის თავმჯდომარესთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე. დისკუსიას მოდერატორობდა Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.

„გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია. დისკუსიის ფარგლებში  განვიხილეთ მწვანე ენერგეტიკის აქტუალური საკითხები და  რეფორმები, რომელიც  ქვეყნის ენერგეტიკული განვითარებისათვის ტარდება. უმთავრესი საკითხები, რომელიც გამოიკვეთა, ეს არის ელექტროენერგეტიკული ბაზრის გახსნა და მასთან დაკავშირებული როგორც დადებითი მხარეები, ასევე არსებული გამოწვევები. მნიშვნელოვანია ის, რომ ბიზნესის მხრიდან ისმის ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივებასთან დაკავშირებული მოთხოვნები, განსაკუთრებით ახალი, მწვანე ენერგეტიკული პროექტების განვითარების ნაწილში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

სემეკის თავმჯდომარის თქმით, განახლებადი ენერგიების ნაწილში მნიშვნელოვანია დამატებითი ენერგიების წყაროების განვითარების ხელშეწყობა.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე საუბრისას სემეკის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პროექტი ითვალისწინებს წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც  უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები. აღნიშნული  პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას, სატრანზიტო შესაძლებლობების ზრდას: „მნიშვნელოვანია, რომ დავიწყეთ მეოთხე ენერგეტიკული პაკეტის იმპლემენტაციაზე მუშაობა, რომელიც ევროპის ქვეყნებში ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს.  დიდი პერსპექტივის მატარებელია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომლის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ამჟამად მიმდინარეობს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნესის სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies.