პორტუგალიის დამარცხებისა და ევრო 2024-ის ფლეი ოფშ გასვლის შემდეგ ვილი სანიოლიმ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა.

"სიმართლე გითხრათ, ზუსტად არ მახსოვს, თამაშის დაწყებამდე ბიჭებს რა ვუთხარი, მაგრამ ჩემი მესიჯი იყო, რომ თავიანთი ფეხბურთი ეჩვენებინათ, უბურთოდ ყოფნისას დისციპლინა გამოეჩინათ და როცა ბურთი ექნებოდათ, უბრალოდ ფეხბურთი ეთამაშათ. 

ვუთხარი, გაეხსენებინათ როგორ თამაშობდნენ 16-17 წლის ასაკში, ზედმეტი ფიქრის გარეშე. მათ ეს გააკეთეს და ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბეს.

რთულია იმის გააზრება, რასაც მივაღწიეთ. სიტყვებს ვერ ვპოულობ, მაგრამ ფეხბურთელებით ძალიან ამაყი ვარ. ძალიან ამაყი ვარ იმ ფეხბურთითა და სურათით, რომელიც საქართველომ ამ სამ შეხვედრაში აჩვენა.

როცა პატარა ქვეყნის წარმომადგენელი ხარ, დასაკარგი არაფერი გაქვს. ტურნირის დაწყებამდე ვთქვით, რომ სინანული არ გაგვჩენოდა, ჩვენი ფეხბურთი გვეჩვენებინა და მაქსიმალური სიამოვნება მიგვეღო. ერთადერთი პასუხისმგებლობა იყო, საქართველოს თავისი ფეხბურთელებით ეამაყა და ვფიქრობ, მიზანს საუკეთესო სტილში მივაღწიეთ.

ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ. ვფიქრობდი, რომ პლეიოფში გასვლა ჩვენი მაქსიმუმი იყო, მაგრამ ფეხბურთში წინასწარ ვერაფერს დაწერ. 

დღეს, ოთარ კიტეიშვილმა ფანტასტიკური თამაში აჩვენა, თან ეს ორკვირიანი ტრავმის შემდეგ გააკეთა. კიტეს ევროპის ტოპ კლუბში ასპარეზობა თავისუფლად შეუძლია.

მერვედფინალში გასვლაზე ვოცნებობდით, მაგრამ არ გვეგონა, რომ ეს შესაძლებელი იყო. ამიტომ, არ გვიცდია, გაგვეგო, ვის შეიძლებოდა შევხვედროდით. როგორც გაირკვა, ჩვენი მეტოქე ესპანეთია, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვა და ალბათ, ამ ეტაპზე, ევრო 2024-ის საუკეთესო გუნდია.

 ვიცი, რომ პირველიდან ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ. როგორც ეს სამივე შეხვედრაში გავაკეთეთ. მხოლოდ საფინალო სასტვენის შემდეგ გავიაზრეთ, რომ ისტორია დავწერეთ და პლეიოფში გავედით."