პარიზის ოლიმპიადაზე საქართველომ პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური (90 კგ) ფინალში იაპონელ სანშირო მურაოს დაუპირისპირდა, მეტოქე დაამარცხა და ზედიზედ მეორედ ოლიმპიური ჩემპიონობა იზეიმა. აღსანიშნავია, რომ ლაშა ბექაური პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც ორჯერ შეძლო ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვება.

ფინალამდე 24 წლის სპორტსმენმა მერვედფინალში ბულგარელი ივაილო ივანოვი ვაზარით დაამარცხა, მეოთხედფინალში სამხრეთკორეელ ჯუიეოპ ჰანს იპონით სძლია, ნახევარფინალში კი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილთან ორთაბრძოლაში გაიმარჯვა.

ქართველი სპორტსმენის ასპარეზობას დაესწრო საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი.
ლაშა ბექაურმა ოლიმპიადაზე პირველად ტოკიოში იასპარეზა და ოქროს მედალს დაეუფლა. შეგახსენებთ, რომ წლევანდელ ოლიმპიადაზე პირველი მედალი საქართველომ 30 ივლისს მოიპოვა - ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.

ლაშა ბექაურის დღეს მოპოვებული მედალი დამოუკიდებელი საქართველოს 42-ე ოლიმპიური მედალია. ეს არის მე-11 ოლიმპიური ოქროს მედალი, რომელთაგან ხუთი ძიუდოისტების ანგარიშზეა.

1 აგვისტოს ასპარეზობაში კიდევ ერთი ძიუდოისტი - ილია სულამანიძე ჩაერთვება. მეოთხედფინალურ ბრძოლას გამართავს მოკრივე ლაშა გურული, რომელიც ყაზახ ბაზარბაი მუჰამედსაბირის დაუპირისპირდება. საყურადღებოა, რომ მეოთხედფინალში გამარჯვების შემთხვევაში ქართველი სპორტსმენი ბრინჯაოს მედალს დაისაკუთრებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა თითოეულ ოლიმპიურ ჩემპიონს - 1 000 000 ლარს, ვერცხლისმედალოსანს - 500 000 ლარს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორს - 250 000 ლარს გადასცემს.