განსაკუთრებულად მინდა, მივესალმო ჩვენ ს გამორჩეულ სპორტსმენებს, რომლებმაც გვასახელეს 2025 წელს - მათი თავდაუზოგავი შრომით, მათი ძალისხმევით, კიდევ ერთხელ ააჟღერეს ჩვენი ჰიმნი და ასახელეს მთელი ერი, მთელი საქართველო და დიდი მადლობა მათ, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიაზე.

მან სპორტში მიღწეულ მიღწეულ შედეგებსა და სტატისტიკაზე გაამახვილა ყურადღება.

„ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო მათ გვერდში მდგომ მწვრთნელებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც დაეხმარა ამ ჩვენს გამორჩეულ წარმატებულ სპორტსმენებს, რომ ამ წარმატებისთვის მიეღწიათ.

როგორც მოგეხსენებათ, განებივრებული ვართ. ვუსმენდი ბატონმა შალვა გოგოლაძეს, სპორტის მინისტრს და მოვისმინეთ, წლიდან წლამდე როგორ უმჯობესდება ჩვენი სპორტული შედეგები და მართლაც ენით აღუწერელია ის სტატისტიკა, რომელსაც ბოლო წლებში მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ. ეს უდიდესი შრომის ხარჯზე, ჩვენი სპორტსმენების თავდაუზოგავი შრომის ხარჯზეა მიღწეული”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ ყაველაშვილმა ასევე სპორტის მიმართულებით სახელმწიფოს ნაბიჯების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„ჩვენ კარგად ვიცით, რომ არა სახელმწიფოს განსაკუთრებული როლი, მიზანმიმართული ქმედება სპორტის დახმარების კუთხით, რა თქმა უნდა, ეს შედგები ვერ იქნებოდა. ამითაც განებივრებული ვართ, რომ ჩვენ გვაქვს პრემიერ-მინისტრი, რომელიც სპორტის ძალიან დიდი გულშემატკივარია. ესეც ფუფუნებაა. დედაქალაქის მერი გვყავს, ჩვენი გამორჩეული კახა კალაძე, სპორტსმენი და ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც გულშემატკივრობს სპორტს”, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.