თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე გაფანტული სკლეროზის სამკურნალო  მედიკამენტებისა და კვლევების დაფინანსების საკითხს ეხმაურება და აცხადებს,  რომ თანამოქალაქეებს სრულად აუნაზღაურდებათ  ძვირად ღირებული მედიკამენტები და კვლევები.

„ჩვენ უწყვეტად ვაგრძელებთ ზრუნვას ჩვენს თანამოქალაქეებზე.  2021 წლიდან დავიწყეთ  „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების“ დაფინანსების პროგრამა, რომლის ფარგლებში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, 

სრულად, 100%-ით უზრუნველვყოფდით,  ხოლო ამ სტატუსის არმქონე დანარჩენ ჩვენს თანამოქალაქეებს, საჭიროებიდან გამომდინარე, მედიკამენტები 80%-ით უფინანსდებოდათ. 

დღევანდელი გადაწყვეტილებით  კი,  თბილისში რეგისტრირებულ ყველა მოქალაქეს პროგრამის ფარგლებში საჭირო კვლევები და მედიკამენტები სრულად დაუფინანსდება“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ზურაბ ჩიკვილაძის, თქმით, მერიამ ეს გადაწყვეტილება გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე პირთა და მათი ოჯახების ფინანსური მხარდაჭერის მიზნით მიიღო, რადგან დარჩენილი 20% მათთვის მნიშვნელოვანი ფინანსური ტვირთი იყო.

აღსანიშნავია, რომ  პროგრამით მოსარგებლეები 15-დან 60 წლის ასაკის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეები არიან და ერთი მოქალაქის მედიკამენტების და მაღალტექნოლოგიური კვლევების დასაფინანსებლად წელიწადში 25 ათას ლარამდე თანხა არის გათვალისწინებული. პროგრამის ბიუჯეტი 2 676 500 ლარია. 

ზურაბ ჩიკვილაძის თქმით, პროგრამის ფარგლებში თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის  საჭირო კვლევებისა და მედიკამენტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება საკრებულოს უახლოეს  სხდომაზე დამტკიცდება.