საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მთელ ქვეყანაში სხვადასხვა სახის უპრეცედენტოდ მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა.
26 მაისს თბილისში, თავისუფლების მოედანზე, წვევამდელთა ფიცის დადების ტრადიციული ცერემონია გაიმართა - წვევამდელებმა სამხედრო ფიცი საზეიმო ვითარებაში დადეს და თავდაცვის ძალებს შეუერთდნენ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას და საქართველოს შეიარაღებული ძალების წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიას ქვეყნის სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად დაესწრო.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.
წელს ფიცის დადების ცერემონია ყველაზე მასშტაბური იყო, წვევამდელებმა ფიცი თბილისსა და საქართველოს 12 რეგიონში უძველეს ქრისტიანულ ეკლესია-მონასტრებთან - ფოკაში, თხოთის მთაზე, მცხეთაში, გონიოში, ბოდბეში, ბოლნისში, უბისაში, უშგულში, კონჭკათში, მარტვილში, ბარაკონში და სნოში - ერთდროულად დადეს.
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები დაეფუძნა კონცეფციას: 1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს.
26 მაისს, ტრადიციულად, სამხედრო სივრცეები მოეწყო და მოსახლეობას სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა თბილისსა და 20 სხვა ქალაქში ჰქონდა.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, საზეიმო ცერემონიის შემდეგ აღნიშნა, დამოუკიდებლობა ჩვენი წინაპრების ბრძოლის, თავდადებისა და თავისუფლებისთვის გაღებული უდიდესი მსხვერპლის შედეგია და მას გაფრთხილება და დაცვა სჭირდება.
„გილოცავთ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ეს დღე თითოეული ქართველისთვის ერთიანობისა და განსაკუთრებული სიამაყის დღეა. დამოუკიდებლობა ჩვენი წინაპრების ბრძოლის, თავდადებისა და თავისუფლებისთვის გაღებული უდიდესი მსხვერპლის შედეგია, მას ყოველდღიურად სჭირდება გაფრთხილება და დაცვა. დღეს, როცა დამოუკიდებელი საქართველოს დროშა ამაყად ფრიალებს, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი ძალა ხალხში, ერთმანეთის მხარდაჭერასა და სამშობლოს სიყვარულშია. მშვიდობას, წარმატებას და გამთლიანებულ საქართველოს ვუსურვებ თითოეულ თქვენგანს“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიებებზე ქვეყნის 20-ვე ქალაქში მოწყობილი იყო საგამოფენო სივრცეები, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გაყიდვა და გაიმართა კონცერტები.
17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად შესრულდება.
26 მაისს თავისუფლების მოედანზე მოწყობილი საზეიმო ღონისძიების დასასრულს საჰაერო თავდაცვისა და ავიაციის თვითმფრინავებმა გადაიფრინეს.
ქვეყნის დამოუკიდებლობის 108-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გალა კონცერტით დასრულდება.











