პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრ ქემალ მემისოღლუს შეხვდა.
შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აღინიშნა. მხარეებმა როგორც ჯანდაცვის, ასევე ფარმაციის სფეროებში სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს.
„თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს შევხვდით, წარმომადგენლობით დელეგაციასთან ერთად. საქართველოსა და თურქეთს შორის მნიშვნელოვანი შეთანხმებები და ხელშეკრულებები მოქმედებს, რომლებიც ჯანდაცვის სფეროში არაერთ მიმართულებას მოიცავს, განსაკუთრებით ონკოლოგიის კუთხით. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის ბავშვებიც, სახელმწიფო პროგრამით წარმატებით მკურნალობენ თურქეთის რესპუბლიკაში. შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთს შორის მრავალწლიან თანამშრომლობას და დაისახა სამომავლო გეგმები როგორც ჯანდაცვის, ასევე ფარმაციის სფეროებში. დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ჯანდაცვის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას“, - აღნიშნა ზაზა ლომინაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ქემალ მემისოღლუსთან გამართულ შეხვედრაში ზაზა ლომინაძესთან ერთად ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები - ვლადიმერ კახაძე და ზაალ მიქელაძე მონაწილეობდნენ.