თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, მსჯავრდადებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორმა თამთა დემურიშვილმა და რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ  №5 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ქალებს დედის დღე  მიულოცეს.

ასევე დედათა და ბავშვთა კორპუსში მყოფი  დედები, ორსულები და მცირეწლოვანი  ბავშვები მოინახულეს  და მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. 

როგორც თინათინ ნიბლოშვილმა აღნიშნა, დედის დღე ყველა ქალისთვის მნიშვნელოვანია, განურჩევლად საცხოვრებელი ადგილისა და სოციალური სტატუსისა.  
„გადავწყვიტეთ, დედის დღესთან დაკავშირებით, ქალი მსჯავრდადებულები მოგვენახულებინა. ვფიქრობ, ამ დღეს ყველა დედა ელოდება და სიამოვნებით იღებს მილოცვას. დარწმუნებული ვარ, რომ დედის დღეს უფრო დიდი დატვირთვა აქვს იმ დედებისათვის, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში იმყოფებიან. მათ ჩვენი გვერდით დგომა განსაკუთრებულად სჭირდებათ, რათა შემდეგ ეს ქალბატონები სრულფასოვან წევრებად დაუბრუნდნენ საზოგადოებას“, -  განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
აღსანიშნავია, რომ  თბილისის საკრებულო და მსჯავრდადებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი  მსჯავრდადებულთა რესოციალიზაციის მიზნით აქტიურად თანამშრომლობს.  წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღეს დედაქალაქის წარმომადგენლობითმა ორგანომ მსჯავრდადებულებისთვის 400-მდე წიგნი, კერძოდ, მხატვრული  ლიტერატურა, შეაგროვა. ერთობლივი ღონისძიებები, რომლებიც მსჯავრდადებულების  რესოციალიზაცია-რეაბილიტაციასა და განმეორებითი დანაშაულის პრევენციას შეუწყობს ხელს, მომავალშიც გაგრძელდება.