თავისუფალ თეატრში სპექტაკლის „კომედიანტები“ (დრამა ორ მოქმედებად) ჩვენება გაიმართა. პიესის ავტორი და რეჟისორია ავთანდილ ვარსიმაშვილი (ჯონ ოსბორნის იდეის მიხედვით). 

სპექტაკლს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო. სპექტაკლი აფხაზეთის ომის დროს მსახიობების ოჯახის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.

ოჯახის ყველაზე ახალგაზრდა წევრი - ლევანი, ომში იბრძვის. გაუსაძლისი ყოფისა და უკიდურესი ფსიქოლოგიური დაძაბულობის ფონზე, ოჯახის წევრები გამოსავალს საკუთარი პროფესიის ერთგულებასა და სიყვარულში - სცენაზე თამაშში პოულობენ.

სპექტაკლში მონაწილეობენ: რამაზ იოსელიანი, აპოლონ კუბლაშვილი, ნატალია ვორონიუკი, მარიამ ნადირაძე და მამუკა მუმლაძე. აღსანიშნავია, რომ 2001 წლის 31 მარტს სწორედ სპექტაკლ „კომედიანტებით“ გაიხსნა „თავისუფალი თეატრი“ და მას შემდეგ იგი წარმატებით იდგმება „თავისუფალი თეატრის“ სცენაზე.