დოკუმენტური ფილმის „ჯადოსნური მთა“ ხარისხი ჩემი საკითხი არ არის, ჩემი საკითხი არის ის, რომ როდესაც სახელმწიფო თანხა იხარჯება რაღაც პროდუქტზე, ეს არ უნდა იყოს ისეთი დასასრული - რა შევუკვეთე და რა ჩამოვიდა, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მინისტრმა ისაუბრა დოკუმენტურ ფილმზე „ჯადოსნური მთა“, რომლის დაფინანსებისთვის ახლა კინოცენტრი თავს მოტყუებულად გრძნობს. ფილმი 2016 წელს დაფინანსდა როგორც დოკუმენტური, სახელწოდებით „აბასთუმანი“, კონკრეტული სცენარის საფუძველზე, თუმცა შემდეგ რეჟისორმა ის შეცვალა.
მინისტრის განცხადებით, ხელშეკრულებაში აღნიშნული იყო, რომ რეჟისორის მიერ სცენარის შეცვლა დაუშვებელი იყო. წულუკიანმა განაცხადა, რომ ფილმის გადაღება 2017 წელს დამტკიცებული სცენარის მიხედვით მოხდა, თუმცა 2018 წელს გაირკვა, რომ ფილმი დაუსრულებელი იყო.
„2018 წელს ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი, „ქართუ“ იწყებს აბასთუმანში ინვესტიციის ჩადებას. ალბათ, ვერავინ იტყვის, თუ ოდნავ მაინც გონიერია, რომ ის უზარმაზარი პროექტები, რასაც ფონდი „ქართუ“ სახელმწიფოს პარალელურად და პირიქით, სახელმწიფო „ქართუს“ პარალელურად ახორციელებენ, ეს შეიძლება ვინმეს დავაბრალოთ, რომ სახლში წაიღებს. ეს რჩება ხალხსა და ქვეყანას. შენდება ოთხი ისეთი მაღალი დონის სასტუმრო, როგორიც არის „პარაგრაფი“, იქ რომანოვების ინფრასტრუქტურა აღადგინა „ქართუმ“, კულტურული მემკვიდრეობა აღდგა და ასე შემდეგ“, - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, რეჟისორმა გადაწყვიტა, რომ ბიძინა ივანიშვილის კრიტიკით დაემკვიდრებინა ადგილი.
წულუკიანმა აღნიშნა, რომ კინოცენტრი არ არის არავის დუქანი, არის სახელმწიფო ორგანიზაცია და რეჟისორთან გაფორმდა ხელშეკრულება უფლება-მოვალეობების შესახებ. რეჟისორს ფილმი კონკრეტული სცენარის მიხედვით უნდა გადაეღო და აღნიშნული ცენზურას არ წარმოადგენს.
„მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ბიძინა ივანიშვილი იწყებს აბასთუმნის აღორძინებას, უკვე შემოჰყავს ბიძინა ივანიშვილი თავის ფილმში და ძალიან პათეტიკური და არც თუ ისე გემოვნებიანი ფორმით.
ფილმის ხარისხი ჩემი საკითხი არ არის, ჩემი საკითხი არის ის, რომ როდესაც სახელმწიფო თანხა იხარჯება რაღაც პროდუქტზე, ეს არ უნდა იყოს ისეთი დასასრული - რა შევუკვეთე და რა ჩამოვიდა“, - განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, კინოცენტრს არ აქვს ის ბერკეტი, რასაც სხვა ქვეყნის კინოცენტრი გააკეთებდა.