თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ჩართულობით და „მერსი ქორფს საქართველოს“ WISE პროგრამის ორგანიზებით ამერიკელ ექსპერტ შერილ ტომასთან და თბილისში მოქმედი სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელმა თინათინ ნიბლოშვილმა გახსნა და მოწვეულ სტუმრებს გენდერული საბჭოს მიერ განხორციელებული პროექტების, მიზნებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.
შეხვედრაზე ამერიკელმა ექსპერტმა გენდერის საკითხებში შერილ ტომასმა იმ ძირითად პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე არსებობს. ასევე ყურადღება გაამახვილა გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში საზოგადოების ჩართულობაზე. ექსპერტმა მედიის წარმომადგენლებს ის პრაქტიკა და სამართლებრივ რეფორმები გააცნო, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ეფექტიან მექანიზმად იქცა.
დღესვე WISE - ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის -პროგრამის დირექტორმა ნინო ჭელიძემ აუდიტორიას წარუდგინა პროგრამა, რომელიც ხორციელდება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით და მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლებას და მასზე შესაბამის რეაგირებას; ჟურნალისტიკის რესურსცენტრის დირექტორმა ნათია კუპრაშვილმა კი ყურადღება გაამახვილა მედიის როლზე ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საკითხებში და ამ თემის ინკლუზიური გაშუქების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე ასევე შედგა გენდერული ნიშნით ძალადობისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის საკითხებზე სამხრეთ კავკასიაში ISET-ის მიერ მომზადებული კვლევის შუალედური შედეგების პრეზენტაცია.