კლიმატის ცვლილება, გარემოს დაბინძურება და ბუნებრივი რესურსების შემცირება იმ გამოწვევებს შორისაა, რომლებიც გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და ამ სფეროებით ახალგაზრდების დაინტერესებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
როგორც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამთა დევდარიანი აღნიშნავს, გარემოსდაცვითი და აგრარული პროფესიები პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკოლოგიურ უსაფრთხოებასთან, ადამიანის ჯანმრთელობასთან და მომავალი თაობების კეთილდღეობასთან.
„უმნიშვნელოვანესია ყველა პროფესია, თუმცა გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებები განსაკუთრებულ დატვირთავს იძენს, რადგან სწორედ ამ სფეროების განვითარებაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად უსაფრთხო და მდგრად გარემოში ვიცხოვრებთ მომავალში. მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ხარისხიანი განათლება, პრაქტიკული გამოცდილება და მუდმივად განავითარონ საკუთარი უნარები. გვინდა, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებებით და საკუთარი ცოდნა ქვეყნის განვითარებას მოახმაროს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ქვეყანა უნიკალურია თავისი ბუნებითა და რესურსებით. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, მომავალი თაობა იყოს პასუხისმგებლიანი და მოტივირებული, რათა ეკოლოგიური უსაფრთხოების დაცვასა და ძლიერი, მდგრადი მომავლის შექმნაში საკუთარი წვლილი შეიტანოს“, - განაცხადა თამთა დევდარიანმა.
აღსანიშნავია, რომ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი მრავალმხრივი მიმართულებით მუშაობს. აქტიურია თანამშრომლობა როგორც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებთან, ისე სკოლებთან, უნივერსიტეტებთან, პროფესიულ კოლეჯებთან და პედაგოგებთან.
„განათლება არის მთავარი საფუძველი, რომელზეც მომავალი თაობების დამოკიდებულებები და ღირებულებები ყალიბდება. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პედაგოგებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა“, - აღნიშნა თამთა დევდარიანმა.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გააქტიურდა საერთაშორისო თანამშრომლობაც. ცენტრი აქტიურად მუშაობს შვეიცარიასთან, ქალაქ ბერნთან და ქართულ-ფრანგულ ინსტიტუტთან.
„საერთაშორისო პარტნიორობა ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, გაეცნონ საუკეთესო გამოცდილებას, თანამედროვე მიდგომებსა და პრაქტიკებს. ეს მათ პროფესიულ განვითარებასა და სამომავლო შესაძლებლობებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს“, - განაცხადა თამთა დევდარიანმა.










