დღეს გამოცხადდება საჯარო კონკურსი, სადაც განსაზღვრული იქნება ყველა პირობა, დანართებად აიტვირთება დოკუმენტები და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი საზოგადოებრივი ორგანიზაციისათვის, რომელიც დაინტერესდება და მოგვმართავს სახელმწიფო გრანტის მიღების სურვილით, – ამის შესახებ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარემ, თამარ ზოდელავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ნებისმიერ დაინტერესებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციას ექნება საშუალება, ისარგებლოს ინიციატივით და მიმართოს სააგენტოს სახელმწიფო გრანტის მიღების სურვილით.
„სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტული მიმართულებებისა და მიზნობრივი პროგრამების დოკუმენტის შემუშავება განხორციელდა სააგენტოს მოკვლევისა და ანალიზის საფუძველზე, შესწავლილი იქნა სახელმწიფოს ძირითადი დოკუმენტები, როგორიც არის „ხედვა 2030“, ასევე სექტორული დოკუმენტები. ამის შემდეგ უკვე ჩავატარეთ არაერთი საკონსულტაციო შეხვედრა, გაეგზავნათ საბჭოს წევრებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამ პროცესში და საბჭომ მოკვლევის, კონსულტაციების შედეგებისა და ანალიზის საფუძველზე განსაზღვრა მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც შემდეგ წარედგინა მთავრობას დასამტკიცებლად. დაინტერესებულ პირად, საგრანტო განაცხადის მაძიებლებად, ჩვენი ინიციატივის ფარგლებში მოვიაზრებთ საზოგადოებრივ ორგანიზაციად. ეს გახლავთ არაკომერციული იურიდიული პირები. ნებისმიერ მათგანს შეუძლია, ისარგებლოს ამ ინიციატივით. დღეს გამოცხადდება საჯარო კონკურსი, სადაც განსაზღვრული იქნება ყველა პირობა, დანართებად აიტვირთება დოკუმენტები და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი საზოგადოებრივი ორგანიზაციისათვის, რომელიც დაინტერესდება და მოგვმართავს სახელმწიფო გრანტის მიღების სურვილით.
რაც შეეხება ბიუროკრატიას, ჩვენ იმისათვის შევიმუშავეთ ყველა წინაპირობა, განვსაზღვრეთ დანართები, რომ ხელი შევუწყოთ ყველა დაინტერესებულ პირს, ისარგებლოს ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივით. ამას გარდა, ჩვენ ვგეგმავთ, რომ სატელეფონო იქნება თუ ასევე პირადი კონსულტაციით ხელი შევუწყოთ ყველა პირს, რომელიც კონკურსის მონაწილედ გადაწყვეტს, მომართოს სააგენტოს.
წელს სახელმწიფო ბიუჯეტში განსაზღვრულია 20 მილიონის ასიგნები. რაც შეეხება ინდივიდუალურ საგრანტო წინადადებას, ამ კუთხით თავად გრანტის მაძიებელი განსაზღვრავს, თუმცა საკონკურსოდ ჩვენ გამოვაცხადებთ პირველ ეტაპზე მცირე გრანტებს, რომლის ბიუჯეტი 100 ათასს ლარს არ უნდა აღემატებოდეს“, – განაცხადა თამარ ზოდელავამ.