საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ თურქეთის რესპუბლიკაში გამართულ „საგანმანათლებლო ტექნოლოგიების საერთაშორისო სამიტსა და გამოფენაში‘‘ მიიღო მონაწილეობა, რომელიც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გახსნა.
ალექსანდრე წულაძე, სტამბოლში თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული განათლების მინისტრის, იუსუფ თეკინის მიწვევით სხვადასხვა ქვეყნის მინისტრებთან ერთად იმყოფებოდა. მან სამიტის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართა და გააცნო როგორც განხორციელებული პროექტები, ასევე
სამომავლო გეგმები, რომლებიც საქართველოს განათლების სისტემის სამივე საფეხურზე თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციას უკავშირდება.
მინისტრის განცხადებით, ქვეყნის მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად განათლება რჩება ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ინსტრუმენტად. სწორედ ამიტომ, ინოვაციების დანერგვისა და ციფრული კომპონენტის გასაძლიერებლად, სამინისტრო არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რაც მოსწავლეებსა და სტუდენტებში
თანამედროვე კომპეტენციებისა და უნარების განვითარებას ისახავს მიზნად.
სტამბოლში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ალექსანდრე წულაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული განათლების მინისტრ იუსუფ თეკინთან. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას.
მინისტრებმა ისაუბრეს განათლების სისტემის სამივე საფეხურზე ახალი შესაძლებლობებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების გზებზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სწავლების ინოვაციური მიდგომების გაზიარებასა და განათლებაში ციფრული ტრანსფორმაციის როლს.
მინისტრი ასევე შეხვდა თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობის და სპორტის მინისტრ ოსმან აშქინ ბაქინს და მასთან ერთად ქართველი და თურქი ახალგაზრდებისთვის ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები განიხილა.
ალექსანდრე წულაძის თქმით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდების მხარდაჭერაა და ამ მიმართულებით არაერთი მასშტაბური პროექტი ხორციელდება, მათ შორის, „სტუდფესტი“, ახალგაზრდული ბანაკები და სხვა.
შეხვედრების დასასრულს თურქმა კოლეგებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები და მინისტრს სამომავლო თანამშრომლობის მზაობა დაუდასტურეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ ალექსანდრე წულაძესთან ერთად თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით ასევე იმყოფებდნენ მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი მოდებაძე და მოადგილე ბაია კვიციანი. ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო ქალაქ სტამბოლში საქართველოს
გენერალურმა კონსულმა, ალექსანდრე ჯიშკარიანმა.