საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის  მიესალმება ყოველგვარი ირონიის გარეშე ოპოზიციონერი კოლეგების ინტერესს დედაქალაქში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით.

შალვა ოგბაიძის თქმით, როდესაც ოპოზიცია სტრასბურგის რკინიგზის მახლობლად მდებარე ავტოსადგომზე საუბრობს, ავიწყდება, რომ თბილისის რკინიგზის სადგურთან ჯერ კიდევ 1975 წელს გაკეთდა ორდონიანი ავტოსადგომი, რომელიც, სამწუხაროდ, ისევე როგორც ორბელიანის მოედანზე არსებული მიწისქვეშა სადგომი, მაღალი დატვირთვით არ გამოირჩევა.

ჩვენ ვსაუბრობთ საკითხისადმი სისტემურ მიდგომაზე, რაც განსაზღვრულია სატრანსპორტო პოლიტიკით. სხვათა შორის, 2025 წელს, 2011 წელთან შედარებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიერ მგზავრთა გადაყვანის რაოდენობა ორჯერ გაიზარდა და 320 მილიონი შეადგინა“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ თბილისის მუნიციპალური ავტოპარკი ბოლო წლებში მასშტაბურად განახლდა ახალი და თანამედროვე სტანდარტების მქონე ავტობუსების შემოყვანით.

დედაქალაქის საავტობუსო პარკი რეგიონსა და ევროპის ქალაქებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და მოწესრიგებულია.

შალვა ოგბაიძემ გზების თაობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 90-იან წლებში გზები, სამწუხაროდ, მხოლოდ ავტომობილებისთვის გეგმარდებოდა.

„ჩვენ ახლა ვცდილობთ გზები გავხადოთ მულტიმოდალური, ტროტუარები დავუბრუნოთ მოსახლეობას, ხოლო უსახური ავტოფარეხების ნაცვლად პარკები და სკვერები მოვაწყოთ. რაც შეეხება სტრასბურგს, ქალაქის ცენტრში პარკინგზე შესვლა ხდება მხოლოდ ეკოსტიკერით, რომელიც ავტომობილის ეკოლოგიურ ტიპს განსაზღვრავს. ჩვენ ამ მიმართულებით კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო. მიმაჩნია, რომ დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკა არის წარმატებული  და ჩვენ ამ თუ სხვა მიმართულებებით მუდამ მზად ვართ თანამშრომლობისთვის“, - დასძინა შალვა ოგბაიძემ.