საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ორგანიზებით, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“  დღეს საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე ბიორნ ბერგე უძღვებოდნენ, სიტყვით თბილისის საკრებულოს წევრები ლევან ჟორჟოლიანი და ნინო რუხაძე გამოვიდნენ.

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა მიზნად დემოკრატიული რეფორმების ხელშეწყობის გზით, საქართველოს ინსტიტუტების, კანონმდებლობისა და პრაქტიკის ევროპულ სტანდარტებთან შემდგომ დაახლოებას ისახავს.

როგორც თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჟორჟოლიანმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ სამოქმედო გეგმა ეხება ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს როგორებიცაა: სასამართლო სისტემა, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის მეთოდების განვითარება, შრომის სამართალი, საარჩევნო სისტემა, მონაწილეობით დემოკრატია, ადამიანის უფლებები, დისკრიმინაციასთან ბრძოლა, მუნიციპალიტეტების გაძლიერება ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მმართველობის გაძლიერებით, ადგილობრივი ხელისუფლების განხორციელებისას მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა და სხვა. 

„გასული წელი იყო ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესთან თანამშრომლობის კუთხით. კონგრესისა და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის თანამშრომლობა ნამდვილად სამაგალითო და შედეგზე ორიენტირებულია. ჩვენ ვაგრძელებთ კონგრესთან აქტიურ თანამშრომლობას, როგორც უშუალოდ კონგრესში, ასევე საქართველოში პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები კიდევ უფრო გავაძლიეროთ წარმომადგენლობითი ორგანოები მუნიციპალიტეტებში, უზრუნველვყოთ ადგილობრივი ხელისუფლების განხორციელება ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი ხარისხით, შევქმნათ შესაბამისი გარემო მონაწილეობით დემოკრატიის განვითარებაში და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უზრუნველვყოთ მეტი დაინტერესებული პირის ჩართვა“- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

ლევან ჟორჟოლიანის თქმით, გასულ წელს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს არის ევროპის განუყოფელი ნაწილი.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და ევროპის საბჭოს წარმატებული თანამშრომლობის შესახებ საკუთარ გამოსვლაში თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა და ათეას აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო რუხაძემ ისაუბრა.  მისი თქმით, პარტნიორობა, რომელიც უკვე 20 წელს ითვლის, ერთ-ერთი საუკეთესოა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. ნინო რუხაძის განცხადებით, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია მონაწილეობას იღებდა საქართველო-ევროპის საბჭოს თანამშრომლობის 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის შექმნაში.

„მნიშვნელოვანია, რომ ეს გეგმა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტების ხელშეწყობას ადამიანის უფლებათა დაცვაში, მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმების დანერგვასა და ადგილებზე ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გატარებაში. ცალკე პრიორიტეტადაა გამოყოფილი გარემოს დაცვის და ენერგოეფექტურობის საკითხები, რაც ასევე მნიშვნელოვანია. ჩვენ ვაპირებთ აქტიურად ვითანამშრომლოთ ევროპის საბჭოს ოფისთან სამოქმედო გეგმის განხორციელებაში და უზრუნველვყოთ განხორციელებული საქმიანობის მაქსიმალური შესაბამება მუნიციპალიტეტების საჭიროებებთან“- განაცხადა ნინო რუხაძემ.

ნინო რუხაძემ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის მიღწევებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ევროპის კონტინენტზე საქართველოს დელეგაცია აქტიურ მონაწილეობას იღებს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებაში.

„ასოციაციასა და ევროპის საბჭოს კონგრესს საქართველოში დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელებაში თავისი წვლილი შეაქვთ. ამ დოკუმენტმა, რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2019 წელს დამტკიცდა, მაღალი შეფასება დაიმსახურა. ვიმედოვნებთ, რომ ევროპის საბჭოს კონგრესი კვლავ დაადასტურებს ამ შეფასებას მიმდინარე წელს დაგეგმილი მონიტორინგის მისიის ფარგლებში. ჩვენ გამოთქვამთ მზადყოფნას ყოველმხრივი დახმარება აღმოვუჩინოთ კონგრესს ამ მისიის განხორციელებაში“- განაცხადა ნინო რუხაძემ. 

საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნებიდან საქართველოში აკრედიტებული ელჩები ესწრებოდნენ.