პროფესიული განათლების საფეხურზე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულების გაძლიერების მიზნით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ბავშვთა უფლებების დაცვაზე მომუშავე იტალიურ ორგანიზაციას, Reggio Children-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ბაია კვიციანმა და Reggio Children-ის კოორდინატორმა, ემანუელა ვერკალიმ.
მემორანდუმის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს: რეჯიო ემილიას მიდგომების ინტეგრირება შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტში, ბაგა-ბაღის აღმზრდელი-პედაგოგების პროფესიული გადამზადების პროგრამების მომზადება და განხორციელების მხარდაჭერა, პროფესიული განვითარების აქტივობების განხორციელება, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში გამოცდილების გაზიარება.
Reggio Children-ი იტალიური ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს ბავშვთა უფლების დაცვასა და მათი განვითარების ხელშეწყობას ხელსაყრელ გარემოში. ამასთან, ავითარებს და ავრცელებს რეჯიო ემილიას მიდგომას (Reggio Emilia Approach) საერთაშორისო დონეზე.
ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.