საქართველოს სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის ერთობლივი მიმართვა. 

"2025 წლის 5 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტმა 4 ოქტომბერს დანიშნა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები და შესაბამისად მიმდინარეობს წინასაარჩევნო პერიოდი.

იმის გათვალისწინებით, რომ გასულ წლებში წინასაარჩევნო პერიოდი პოლარიზებული იყო, საქართველოს სახალხო დამცველი და ცენტრალური საარჩევნო კომისია, როგორც ორი დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუცია, ერთობლივად მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, კანდიდატებსა და წინასაარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ სათანადო, ისეთი საარჩევნო გარემოს ფორმირებას, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან, მშვიდობიან და თანასწორ არჩევნებს.

საარჩევნო მთლიანობა და ჯანსაღი საარჩევნო გარემო ფუნდამენტურია დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირებისთვის. თუმცა, როდესაც საარჩევნო პროცესს თან სდევს სიძულვილის ენის გამოყენება,  ამ პროცესში ჩართული პირების მიმართ პირადი თავდასხმები და დისკრიმინაციის წახალისება, ეს პირდაპირ ასუსტებს საარჩევნო გარემოს და ზიანს აყენებს საზოგადოებრივ ნდობას.

სამწუხაროდ, საარჩევნო პერიოდში, არაერთხელ დაფიქსირებულა საარჩევნო სუბიექტების მხრიდან სხვადასხვა ნიშნით ადამიანთა დისკრიმინაციის წახალისება და სიძულვილის ენის გამოყენება. გასულ წლებში ასეთი თავდასხმის ობიექტები საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები და წევრებიც  გამხდარან. ამასთანავე, პოლიტიკური დებატები მონაწილეთა მხრიდან ერთმანეთის მისამართით, რიგ შემთხვევებში, შეურაცხმყოფელი განცხადებებით ხასიათდება.  სახალხო დამცველი და ცენტრალური საარჩევნო კომისია ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ასეთი ფაქტები საზიანოა და ხელს უშლის თანასწორი და მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას.

ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაციის გამართულ საქმიანობას, საარჩევნო პროცესების შეუფერხებლად წარმართვასთან ერთად ამ პროცესებისადმი მაღალი საზოგადოებრივი ნდობის ფორმირებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, რაც თავის მხრივ, უკიდურესად აუცილებელია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის. ელექტრონული ტექნოლოგიების მასშტაბური დანერგვის, ასევე, ზოგადად საარჩევნო ადმინისტრაციის შეუცვლელი როლის გათვალისწინებით, ყველა მხარის ხელშეწყობით საარჩევნო ადმინისტრაციას შესაძლებლობა უნდა მიეცეს სიძულვილის ენისგან თავისუფალ და მშვიდობიან გარემოში სრულყოფილად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები.

აუცილებელია, პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა/წარმომადგენლებმა, შესაბამისმა კანდიდატებმა და მათმა მხარდამჭერებმა, პოლიტიკური თანამდებობის პირებმა, მაღალი პოლიტიკური და სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და ხელი შეუწყონ პლურალისტური, ძალადობისა და სიძულვილის ენისგან თავისუფალი საარჩევნო კამპანიის წარმართვას. დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული პოლიტიკური კულტურის დასანერგად, მნიშვნელოვანია კანდიდატთა საარჩევნო კამპანიები მიმართული იყოს საქმიანი, საარჩევნო პროგრამებზე ორიენტირებული დისკუსიისკენ, რაც ხელს შეუწყობს კონკურენციის სამართლიან და თანასწორ პირობებში წარმართვას.

ამავდროულად, აღსანიშნავია მედიის განსაკუთრებული როლი წინასაარჩევნო კამპანიის თავისუფლად და სამართლიანად წარმართვის კონტროლისა და ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით. მნიშვნელოვანი იქნება მედიის წარმომადგენლებმა, საარჩევნო კამპანიების გაშუქებისას, გამოავლინონ მაღალი პროფესიული სტანდარტი. სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევებზე ჰქონდეთ შესაბამისი რეაგირება და მსგავს ფაქტებს კრიტიკულად გამოეხმაურონ.

დასასრულს, სიძულვილის ენის თავიდან აცილება და მასზე ადეკვატური რეაგირება აუცილებელია საარჩევნო მთლიანობის უზრუნველსაყოფად და ჯანსაღი საარჩევნო გარემოს შესანარჩუნებლად. აღნიშნული კი თავის მხრივ არის სამართლიანობისა და კონსტრუქციული პოლიტიკური დისკუსიის წარმართვის და ადამიანის უფლებების დაცვის გარანტი." - ნათქვამია ერთობლივ მიმართვაში.