საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქართული ფოლკლორის განვითარებასა და საზღვარგარეთ მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური და შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის ეთნომუსიკოლოგები ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძეები სიკვდილის შემდეგ ღირსების მედლით დააჯილდოვა.
დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა და სახელმწიფო ჯილდოები საქართველოს პრეზიდენტმა ედიშერ გარაყანიძის შვილიშვილს, გიორგი გარაყანიძესა და გიორგი (გიგი) გარაყანიძის მეუღლეს, მაგდა კევლიშვილს გადასცა.
პრეზიდენტმა ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძეების მიერ საქართველოსა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ ფოლკლორის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის შესახებ ისაუბრა.
„მინდა, ვთქვა, რომ გამორჩეული მომენტია, როდესაც ორ ადამიანს ვაჯილდოებთ, რომლებიც გარდაცვლილები არიან. საკმაოდ ტრაგიკული ოჯახია, არავინ დარჩა, ყოველ შემთხვევაში, მამა, შვილები, დედა – ოჯახი, რომელიც სრულიად ქართულ ფოლკლორთანაა დაკავშირებული. ეს კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.
ფოლკლორს რომ ვამბობთ, ამ სიტყვას სხვადასხვა ქვეყნისთვის სხვადასხვა დატვირთვა აქვს. ჩვენთვის ფოლკლორი, ვიტყოდი, ფოლკლორი არ არის; ეს ჩვენი ცოცხალი იდენტობის ნაწილია. ბევრი ქვეყნისთვის და, ვფიქრობ, სხვადასხვა ევროპული ქვეყნისთვის, ფოლკლორი მხოლოდ წარსულის, ტრადიციების გაგრძელებაა. ჩვენთან [ფოლკლორი] ცოცხალია და საქართველოში ფოლკლორი ცოცხალი თუა, ეს იმიტომ, რომ ეს ადამიანები არსებობდნენ, მთელი ადამიანების ჯარი, რომლებიც სხვადასხვა რეგიონში და, ზოგ შემთხვევაში, დედაქალაქში, კონსერვატორიაში ემსახურებოდნენ, ერთი მხრივ, პედაგოგიურ მოღვაწეობას, მეორე მხრივ, კომპოზიციას, მესამე მხრივ, მის წარდგენას, გაცოცხლებას.
ამით ჩვენ ძალიან ძლიერნი ვართ, ძალიან ახლოს იმ ფესვებთან, რომელიც გვაცოცხლებს. ამიტომ ეს სიტყვა ჩვენთვის ცოცხალი სიტყვაა და ამისთვის იმ ადამიანების მადლიერები უნდა ვიყოთ, რომლებმაც ეს მოიტანეს, გააცოცხლეს და გაიტანეს ქვეყნიდან. ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ეს ადამიანები იყვნენ ისინი, ვინც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში სხვებს ქართულ გალობას, ქართულ სიმღერებს ასწავლიდნენ იმ დროს, როდესაც ასე არ დადიოდნენ.
კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ – ისინი ასევე ჩვენი ეკლესიის საგალობლების გაცოცხლების ნაწილნი იყვნენ იმ დროს, როდესაც ეს ჯერ კიდევ მიღებული არ იყო, არ იყო კი არა, აკრძალული იყო. ქართული ეკლესიის, როგორც საზოგადოების ნაწილის, საგალობლების მთელი ამ საგანძურის გაცოცხლება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
ასე რომ, ჩვენი ვალია (დღევანდელი დღე ამას ემსახურება), რომ ჩვენს ცხოვრებაში და მომავალში ეს ადამიანები და ამ ადამიანების ღვაწლი არ დავივიწყოთ, იმიტომ, რომ ეს დღეს არ მთავრდება და პირიქით, ამას გაგრძელება აქვს, ეს არის სიცოცხლე, არის ძალიან დიდი, და ამისთვის ჩვენ გვინდა, და მე მინდა, რომ საზოგადოების სახელით მათი ღირსება, ღვაწლი აღვნიშნოთ და ამისთვის დავაჯილდოოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.