ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარი" ავრცელებს:
8 ივლისს, თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი გააუპატიურეს. სავარაუდო მოძალადე არ ყოფილა მხოლოდ ერთი კაცი.
შემთხვევის დროს და მომდევნო 12 საათის განმავლობაში ქალი უგონო მდგომარეობაში იყო. მოძალადეებმა მას სასმელთან ერთად, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება მიაღებინეს. ქალის მეგობარმა, რომელიც გაუპატიურების ფაქტის შემსწრეა, პოლიცია ადგილზე გამოიძახა. თუმცა გამოძიება რამდენიმე დღის დაგვიანებით, მხოლოდ საქმეში საფარის ჩართვის შემდეგ დაიწყო.
პოლიციის გულგრილი და არაპროფესიონალური დამოკიდებულების გამო, მთელი რიგი მტკიცებულებები განადგურდა. მაგ. ქალის ტანსაცმელი ამოიღეს დაგვიანებით; არ გამოკითხულან სავარაუდო მოძალადეები, არ ამოღებულა მათი ტანსაცმელი და ჭურჭელი, საიდანაც ქალს სავარაუდოდ მოწამლული სასმელი დაალევინეს; პოლიციამ კლინიკას არ შეატყობინა, რომ პაციენტი სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი იყო, ამიტომ მეორე დღეს ისე გამოწერეს, რომ არ ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები; სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილი არ შემოსაზღვრეს და ყველა მტკიცებულება, რაც ადგილზე შეიძლებოდა ყოფილიყო, განადგურდა.
გარდა ამისა, ქალი ყვება, რომ პოლიციელებს მის მიმართ ცინიკური და დისკრიმინაციული დამოკიდებულება ჰქონდათ.
ჩვენ უკვე შევიტანეთ საჩივარი საქმეში ჩართული პოლიციელების მიერ ჩადენილი სამოხელეო დანაშაულების ფაქტზე და ვითხოვთ მათ სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას.