გუშინ პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე„საქპატენტის“ თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაში (GCA) ჩატარებული აუდიტის დასკვნა წარმოადგინა, რომელშიც საუბარია ასოციაციაში თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე.

აუდიტის დასკვნის შედეგების მოსმენის შემდეგ, ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე საპარლამენტო კომიტეტის სხდომიდან წავიდა.

როგორც გაირკვა, ასოციაციის ადმინისტრაციული ხარჯის ძირითადი ნაწილი თანამშრომლებზე გაცემული შეუსაბამოდ მაღალი სარგებელია. მაგალითად, ასოციაციაში ერთ-ერთ ხელმძღვანელ პოზიციაზე დასაქმებულმა პირმა (სავარაუდოდ, ხელმძღვანელმა გიგა კობალაძემ) 2021 წელს სარგებლის სახით  233 062 ლარი მიიღო  (მათ შორის: ხელფასი 150 000 ლარი; პრემია 6 250 ლარი; ბონუსი 25 000 ლარი და სარგებელი 51 812 ლარი, რომელიც, თავის მხრივ, უცხოეთში სწავლის ღირებულებას – 28 086 ლარს, ნორმის ზემოთ მივლინების თანხას – 19 417 ლარს, დაზღვევის საფასურს – 2 921 ლარს, სასაჩუქრე ვაუჩერის ღირებულებას – 188 ლარს  და ავტომანქანით სარგებლობის ღირებულებას – 1 200 ლარს მოიცავს).
„როდესაც პანდემიის დროს ავტორები ვერ იღებდნენ საკმარის თანხას იმისთვის, რომ ეარსებათ და სახელმწიფო ეხმარებოდა მათ, თქვენ მათ ჰონორარებს იყენებდით პრემიებისთვის, ბონუსებისთვის, ავტომობილების, უძრავი ქონების შესყიდვისთვის - ასე მიმართა „საქპატენტის“ თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარეს გიგა კობალაძეს.

ბრალდებების საპასუხოდ ასოციაციის თავმჯდომარემ გიგა კობალაძემ განაცხადა, რომ „არც ერთი თეთრი არ დაკლებია არც ერთ ავტორს პანდემიის დროს, პირიქით, დაახლოებით 750 ათასი ლარი მეტი გადაუხადეს ავტორებს“.

"აიპრესმა" მოახერხა მოკლე კომენტარი ჩაეწერა საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელძღვანელთან, გიგა კობალაძესთან, რომელმაც საპარლამენტო კომიტეტის სხდომა მალე დატოვა: "აუდიტმა, რომელიც ჩატარდა ჩვენთან, როგორც მოსალოდნელი იყო, ვერ დაადგინა ვერანაირი დარღვევა. ყველაფერი კეთდება და ხორციელდება ისე, როგორც მოქმედი კანონმდებლობა ამას ითვალისწინებს.

დასკვნაში საუბარია აღრიცხვის მეთოდის დარღვევაზე, მაგრამ ეს არის წვრილმანი დარღვევა, რომელიც მომდინარეობს ჯერ კიდევ 2005 წლიდან, ამაზე სახელმწიფოს ვალდებულება იყო გაეკეთებინა რეაგირება, თუმცა დღემდე არ არის.

კი ბატონო ნაყიდია უძრავი ქონება... ავტომობილები ჩვენ გვაქვს, იმიტომ  რომ მონიტორინგს როცა ვაკეთებთ, ადამიანები დადიან.

პანდემიის დროს, როდესაც ჩვენი თანხები შემცირდა დაახლოებით 47-50%-ით 2020 წელს და 45%-ით 2021 წელს, რა თქმა უნდა მოიმატა ხარჯებმა, იმიტომ რომ ხარჯების ურთიერთმიმართება შეგროვებულ ჰონორართან გაიზარდა, რადგან პანდემიის გამო შეგვიმცირდა, გაგვინახევრდა შემოსავალი.

უბრალოდ ვერ იქნება კორუფცია, ამის რეალური შესაძლებლობაც კი არ არსებობს. ვინმეს ძალიან რომ უნდოდეს, ეს ვერ მოხდება ვერაფრით" განუცხადა გიგა კობალაძემ "აიპრესს".