წრიული, ერთბაგირიანი, გონდოლური საბაგირო გზა წარმოადგენს საინჟინრო ნაგებობას, რომელშიც შედის ქვედა და ზედა სადგურები და სადგურებს შორის არსებული ხუთი საყრდენი ანძა.
„გილოცავთ. ისტორიული პროექტი დასრულდა - ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს დაუბრუნდა მისი მშვენება, რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო. 66 წლის წინ დაწყებული ისტორია დღეიდან ახალ სიცოცხლეს იძენს. ჩვენი პრიორიტეტი ყოველთვის იყო და არის, შევინარჩუნოთ დედაქალაქის ყველა ღირშესანიშნავი ადგილი და მივანიჭოთ მას ახალი სიცოცხლე. მე იმედი მაქვს, ეს საბაგირო გზა გახდება უამრავი ადამიანის ბედნიერი წუთების, მოგონებების, თავგადასავლების ადგილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საბაგიროს რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად განახლდა და კეთილმოეწყო ქვედა სადგურის ინტერიერი. აღნიშნული სადგური წარმოადგენს ძველი საბაგირო გზის რკინაბეტონის შენობისა და მასზე მიშენებული ლითონის კონსტრუქციის შენობის შერწყმას.
გარდა ამისა, აშენდა ზედა ამძრავი სადგური და მოეწყო ხუთი საყრდენი ნაგებობა. სადგურებს შორის გაიჭიმა ბაგირის (d = 47 მმ) ორი შტო, რომლის მეშვეობითაც გონდოლები იმოძრავებს სადგურებს შორის 5 მ/წმ-ის სიჩქარით. მგზავრებს 21 ერთეული 8-კაციანი გონდოლა მოემსახურება და მანძილს 4.07 წუთში დაფარავს. საბაგირო გზა ერთი მიმართულებით, საათში 1200 მგზავრის გადაყვანას უზრუნველყოფს.
რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის საბაგირო გზის სამშენებლო ნაწილზე პასუხისმგებელი იყო სამშენებლო კომპანია „დაგი“, ხოლო საინჟინრო ნაწილი განახორციელა საერთაშორისო კომპანია „დოპელმაიერმა“, რეაბილიტირებული საბაგირო გზა კი სამართავად „მთაწმინდის პარკის“ ადმინისტრაციას გადაეცა. პროექტის საერთო ღირებულება 50 მლნ ლარია.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა-რეაბილიტაციის ფარგლებში, საბაგიროს ქვედა სადგურის მიმდებარედ სკვერი მოაწყო. სკვერში, რომლის ფართობიც 1 300 კვადრატული მეტრია, ავთენტური სახით მოეწყო განათების ბოძები, მოპირკეთდა საფეხმავლო ბილიკები, აღდგა ორი შადრევანი, შეიცვალა ინფრასტრუქტურა და განთავსდა ახალი საპარკე ავეჯი. ასევე, მოეწყო სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, ტერიტორიაზე მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო სხვადასხვა სახეობის ნერგი და დაიგო ბალახი. აღნიშნული სამუშაოების ღირებულებამ 700 000 ლარი შეადგინა.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.