ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ

აფხაზეთის მუზეუმში, ფოტოგამოფენაზე „აფხაზეთის გმირები", რუსმა დამთვალიერებლებმა სეპარატისტთა მხარეს მებრძოლი კავკასიის ხალხთა კონფედერაციის რაზმის მეთაურის, შამილ ბასაევის ფოტოები შენიშნეს.

გაეროს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროკავშირის და რუსეთის მიერ ტერორისტად აღიარებული, რეზონანსული ტერორისტული აქტების ორგანიზატორი შამილ ბასაევის ფოტოების დემონსტრირების გამო რუსებმა აღშფოთება სოციალურ ქსელებში გამოხატეს, ხოლო სახელმწიფო დუმის დეპუტატმა მიხაილ მატვეევმა თავის პოსტში დაწერა:

„იქნებ ღირს საქართველოს აფხაზეთის დაბრუნების ნება მიეცეს? როდისღა აიძულებს რუსეთი <აფხაზეთს> პატივისცემას? რუსეთმა რომ დაგიცვას, დამსახურება უნდა" (მოგვიანებით მატვეევმა პოსტი აიღო, დაწერა, რომ ფოტოსურათის გამო აღშფოთება სამართლიანი იყო, თუმცა ფოტოს გამოფენის გამო აფხაზი ხალხის შესახებ დასკვნები არ უნდა გამოეტანა - „აიპრესი").

სოციალურ ქსელში აგორებული კამპანიის და რუსეთის ოფიციალური პირების მიერ ღიად გაცხადებული პროტესტის შემდეგ მუზეუმის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ უმოკლეს დროში გამოასწორებს მდგომარეობას და გამოფენა დროებით დახურა.