ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ დილის გადაცემის საავტორო რუბრიკაში - „ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“ - სამინისტროს სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა.

მინისტრის განმარტებით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს პრემიერ-მინისტრის ინიციირებულ 11-წლიან სტრატეგიულ გეგმაზე, რომელიც განსაზღვრავს როგორც უწყების მომავალი წლის, ისე გრძელვადიან საქმიანობას - საგზაო, სპორტული, საგანმანათლებლო თუ კულტურული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.

„აქტიურად დავიწყებთ სპორტული და კულტურული ინფრასტრუქტურის მშენებლობას მუნიციპალიტეტებში. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ დაბასა და სოფელში მოსახლეობას ჰქონდეს წვდომა ამ სერვისებთან“ - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხია სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. როგორც მან აღნიშნა, ამ მიმართულებით არსებობს გარკვეული პრობლემები, რომელთა გადაჭრაზეც სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს.

„განათლების რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა სასკოლო ინფრასტრუქტურა. გვაქვს გარკვეული პრობლემები, რომელთა მოგვარებასაც მაქსიმალურად მოკლე ვადებში ვცდილობთ. ვგეგმავთ სკოლების მშენებლობის ახალ ტალღას“ - განაცხადა სოხაძემ.

მინისტრმა საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ პროექტებს, რომლებიც მომავალი წლიდან დაიწყება, მათ შორის თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა. მისი თქმით, ეს პროექტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქვეყნის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების კუთხით, არამედ ის საგრძნობლად შეუწყობს ხელს  დედაქალაქის სატრანსპორტო სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებას.

„გაგრძელდება მაგისტრალის მშენებლობა კახეთის მიმართულებით. ვიმედოვნებთ, რომ ზაფხულში საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთი გაიხსნება. უახლოეს დღეებში იგეგმება რიკოთის მონაკვეთის გახსნა. დასრულებულია სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ლანჩხუთი-ლესას 8-კილომეტრიანი ახალი მონაკვეთი. ვფიქრობთ, მომავალ წელს ბათუმამდე მგზავრობას გაცილებით კომფორტულად და მცირე დროში შევძლებთ“ – აღნიშნა მინისტრმა.

მისივე განცხადებით, შიდასახელმწიფოებრივი გზების განვითარების მიმართულებითაც არაერთი პროექტი დაიწყება.

"ვვარაუდობთ, რომ მომავალ წელს ჩვენი მოსახლეობა უკვე ისარგებლებს 400 კილომეტრზე მეტი ახალი რეაბილიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურით“-აღნიშნა რევაზ სოხაძემ.