საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ბერლინში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის ვიცეპრემიერს, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრ ჰენრიკ კოვალჩუკს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გამახვილდა. პოლონეთის ვიცეპრემიერმა მხარდაჭერის მზადყოფნა ღიად დააფიქსირა და აღნიშნა, რომ საქართველოს წარმატებული ნაბიჯები რეფორმების განხორციელების, ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის და სხვა მრავალი მიმართულებით, მნიშვნელოვანი საფუძველია ევროინტეგრაციის პროცესში შემდგომი წინსვლისთვის.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების საკითხს. როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, ქართული ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის პოლონეთი მეორე ადგილს იკავებს. 2022 წელს, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 6,6 მლნ ლიტრი ღვინო, რომლის ღირებულება 14,5 მლნ აშშ დოლარია; ზრდამ, რაოდენობის კუთხით, 32%, ხოლო თანხის კუთხით 5% შეადგინა.
შეხვედრაზე, ოთარ შამუგიამ ჰენრიკ კოვალჩუკს ის პროექტები გააცნო, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აგრარული დარგის სწრაფი და ეფექტიანი განვითარებისთვის ახორციელებს და რომლის მიზანიც აგრობიზნესის სტიმულირება და ადგილობრივი წარმოების ზრდაა.