საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება 2024 წლის 16-17 აპრილის ღამეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველების მხრიდან ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების ფაქტებს და ასაჯაროებს მონიტორინგის შედეგებს:
ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტები
"შემაშფოთებელია აქციაზე ცალკეული ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტები, ასევე ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებისთვის საქმიანობის ხელშეშლის ფაქტი. გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელავას და წაართვეს ტელეფონიც, რომელიც მოგვიანებით დაუბრუნეს. გავრცელებულ ვიდეო კადრში ნათლად ჩანს როგორ ურტყამენ ჟურნალისტს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია „ტაბულას” ჟურნალისტ გიორგი ბადრიძეზე ფიზიკური ძალადობის და ტელეფონის წართმევის და „აპრილი მედიის” ჟურნალისტის გიორგი ბასხაჯაურის ცემისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის თაობაზე.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჟურნალისტებს უნდა მიეცეთ საკუთარი საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების შესაძლებლობა, მათ შორის შეკრების მონაწილეების მხრიდან. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით დასჯადია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა. კიდევ უფრო მძიმეა დანაშაული, როდესაც ხდება ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება მათი საქმიანობიდან გამომდინარე. მსგავსი ფაქტები არსებით საფრთხეს უქმნის ქვეყანაში მედიის თავისუფლების ხარისხს, შეიცავს საშიშ გზავნილს, რომ მედიის წარმომადგენლები, მათი საქმიანობის გამო, შესაძლოა, ანგარიშსწორებას დაექვემდებარონ და ამდენად, მსუსხავი ეფექტის მატარებელია მათ მიერ გამოხატვის თავისუფლების რეალიზებაზე.
სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მოახდინოს დროული და მკაცრი რეაგირება ყველა ზემოაღნიშნულ ფაქტზე და უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. საგამოძიებო უწყებების სათანადო რეაგირებას, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება როგორც ინდივიდუალურ შემთხვევებში კანონის უზენაესობის აღსრულებისთვის, ისე, ზოგადად მედიის წარმომადგენლებისა და საპროტესტო აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად." - ნათქვამია ანგარიშში. რომელიც სრული ვერსია შეგიძლია წაიკითხოთ აქ: სახალხო დამცველი 16-17 აპრილის ღამეს სამართალდამცავთა მხრიდან ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების ფაქტებს და ასაჯაროებს მონიტორინგის პირველად შედეგებს