გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ბაქოში გამართულ მაღალი დონის კონფერენციაში „კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის დანერგვის მხარდაჭერა” სიტყვით გამოვიდა
ნინო თანდილაშვილმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა მაღალტექნოლოგიური აგროსასურსათო სისტემების დანერგვის მნიშვნელობაზე, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ღონისძიებების ეფექტიან მართვაში.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სექტორში კლიმატგონივრული ტექნოლოგიების დანერგვა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები აქტიურად უწყობს ხელს სოფლის მეურნეობის სექტორში სხვადასხვა მწვანე ტექნოლოგიის დანერგვას და გამოყენებას. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივაა სახელმწიფო პროგრამა „ინოვაციური ტექნოლოგიების საგრანტო პროგრამა“, რომელიც ხელს უწყობს ფერმერების ცოდნისა და უნარების განვითარებას. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი სარწყავი სისტემების გაძლიერება და წყლის მდგრადი გამოყენების ხელშეწყობაა, რაც აუცილებელია როგორც კლიმატის მდგრადობისთვის, ასევე, სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის ზრდისთვის. ამ მიზნით, სახელმწიფოს ძალისხმევით, ბოლო 2 წლის განმავლობაში უპრეცედენტო მასშტაბის ფინანსური რესურსების მობილიზება მოხდა, 300 მილიონი დოლარის ოდენობით, მათ შორის, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, რათა მომდევნო წლებში ქვეყანამ თანამედროვე სარწყავი სისტემები განავითაროს.
„საქართველო ვალდებულია, მოახდინოს აგროსასურსათო სისტემების ადაპტაცია კლიმატის ცვლილების რისკებთან. ქვეყანა ავითარებს მრავალი საფრთხის ადრეული გაფრთხილების სისტემებს, რომელიც შექმნილია ფერმერების დასაცავად კლიმატთან დაკავშირებული სხვადასხვა რისკისგან, როგორიცაა წყალდიდობა, ღვარცოფი და ა.შ. ეს სისტემა ასევე მოიცავს გვალვის პროგნოზს და ფერმერებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას. როგორც აღვნიშნე, საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას და გავრცელებას აგროსასურსათო სისტემებში სხვადასხვა ინიციატივით. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი და მზადყოფნას გამოვთქვამთ, გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა”, - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში მიმდინარე გაეროს კლიმატის ცვლილების მხარეთა კონფერენციის (COP 29) ფარგლებში გამართულ „კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის დანერგვის მხარდაჭერის” კონფერენციას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის მაღალი რანგის დელეგატი ესწრებოდა. კონფერენცია სურსათისა და სოფლის მეურნეობის მსოფლიო ორგანიზაციისა (FAO) და გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) სამდივნოს ორგანიზებით გაიმართა.