სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ნათია სონღულაშვილის განცხადებით, უწყებაში წარმოებული საქმეების მიხედვით, ძალადობის მსხვერპლების 90% ქალია.
"ამ 2 წლის განმავლობაში 300 საქმეზე მოგვიწია გამოძიების დაწყება და დღეს 200 მიმდინარე საქმე გვაქვს, სადაც პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტებს ვიძიებთ.
თუ გავყოფთ ამ დანაშაული სპეციფიკას, ორი მიმართულება შეგვიძლია გამოვყოთ. პირველი როდესაც პარტნიორები ერთმანეთს კარგად იცნობენ, ნდობაში არიან ერთმანეთთან და ნებაყოფლობით ხდებოდა ვიდეოების და ფოტოების გაზიარება, და შემდეგ, როდესაც ქალმა პარტნიორმა უარი განაცხადა, გარკვეული პირადი მოსაზრების გამო ურთიერთობის გაგრძელებაზე. ამის შემდეგ, ეს ნებაყოფლობით გაზიარებული ფოტო ხდება შანტაჟის მიზეზი, იმ მოტივით რომ დაიბრუნოს პარტნიორი, ან უფრო მეტი, შური იძიოს მასზე.
მეორე შემთხვევაა, როდესაც მოძალადე არ იცნობს მსხვერპლს, ქმნის ყალბ ანგარიშებს, შედის ნდობაში მსხვერპლებთან, შეგვიძლია ვთქვათ რომ ძირითადი ნაწილი აქ ბავშვები არიან, არასრულწლოვნები, საკმაოდ მოწყვლადი ჯგუფები. შეიძლება გაეცნონ, როგორც მათი თანატოლები, მოიპოვონ ნდობა, მოსთხოვონ ასეთი ფოტოების გადაღება, ან პირიქით, დააშანტაჟონ "ფოტოშოპში" გაკეთებული შიშველი ფოტოებით, ან უთხრან, ჩვენ ასეთი გვაქვს და ამ ფოტოების გადაუგზავნელობის შემთხვევაში, დააშანტაჟონ მშობლებთან, ახლობლებთან ნათესავებთან ფოტოების გაგზავნით.
ამის მიზანი შეიძლება იყოს, როდესაც ვსაუბრობთ ყოფილ პარტნიორებზე, ან შურისძიება ან ურთიერთობის გაგრძელების იძულება. როდესაც არა პარტნიორებზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ფულის გამოძალვის იმედი.
წარმოებული საქმეების მიხედვით, ძალადობის მსხვერპლების 90% ქალია და როდესაც ვსაუბრობთ სქესზე - მსხვერპლების 30% ზოგადად, ბავშვები არიან. ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, უფრო ხშირად ახალგაზრდები არიან როგორც მსხვერპლები, ასევე მოძალადეებიც. მოძალადეების დიდი ნაწილი, ვინც შანტაჟს, მუქარას, გამოძალვას, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გადაღებას, გაგზავნასა და ვიდეოების გაზიარებას, მათ შორის კერძო კომუნიკაციის ამსახველი მიმოწერის გამოგზავნას ითხოვს და ამით შანტაჟს ახორციელებს, ძირითადად მამაკაცები არიან.
თუ ფულად ინტერესს არ ჩავთვლით, ანუ გამოძალვის ინტერესს, შურისძიების მოტივი, დაშანტაჟების და ჭკუის სწავლების არის ის რომ ყოფილი პარტნიორები ვერ ეგუებიან მათი პირადი ცხოვრებიდან პარტნიორის წასვლას. აღიქვამენ, რომ ეს პარტნიორები მათი კერძო საკუთრებაა, ადამიანებად არ აღიქვამენ და ამიტომ, მათ დასაბრუნებლად ამ მძიმე ფორმებს მიმართავენ“, - განაცხადა ნათია სონღულაშვილმა გადაცემაში "იმედი LIVE".