მიხეილ სარჯველაძე, ოფიციალური ვიზიტით, დოჰაში იმყოფება, სადაც მსოფლიო სოციალურ სამიტში მონაწილეობს. მრგვალი მაგიდის ფორმატში, მინისტრმა, საქართველოს მიერ განხორციელებულ სოციალურ პოლიტიკასა და მიღწევებზე, სიღარიბის შემცირების, შრომის ბაზრის გაძლიერებისა და სოციალური დაცვის სისტემის განვითარების მიმართულებით ისაუბრა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, საქართველოს სოციალური პოლიტიკა ღირსების, თანასწორობისა და ჩართულობის პრინციპებს ეფუძნება და მიზნად ისახავს მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და დაბალშემოსავლიანი ოჯახების მხარდაჭერას.

მინისტრმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ პროგრესზე, მათ შორის - სიღარიბის შემცირებაზე, უმუშევრობის კლების ტენდენციაზე, შრომითი უფლებების გაძლიერებასა და დასაქმების ხელშეწყობის ახალ ინიციატივებზე.

ღონისძიებაში, მინისტრთან ერთად, მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.