ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აბუ-დაბის გლობალური ჯანმრთელობის კვირეულში (Abu Dhabi Global Health Week) მონაწილეობს.
ღონისძიება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა გახსნა.
კონფერენციაზე, პანელური დისკუსიის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძემ ჯანდაცვის თანასწორობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში, ჯანდაცვის პოლიტიკა და რეფორმები ამ პრინციპით განისაზღვრება.
„2025 წლის იანვარში, საქართველო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად ცნო. ეს გარდამტეხი ნაბიჯი მრავალწლიანი, თანმიმდევრული მუშაობის შედეგია და გვიჩვენებს, რა არის შესაძლებელი,
როდესაც თანასწორობა მონაცემებზე დაფუძნებული სტრატეგიებისა და გლობალური თანამშრომლობის ნაწილია“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
მისივე განცხადებით, ჯანდაცვის თანასწორობისთვის, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ფინანსური დაცულობაა. მიხეილ სარჯველაძემ, ამ მიმართულებით გატარებულ რეფორმებზე - სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების DRG მოდელზე, მედიკამენტების რეფერენტულ ფასებსა და ონკოლოგიის სამკურნალო პრეპარატებზე, წლიური ლიმიტის მოხსნაზე ისაუბრა.
„ჯანმრთელობის თანასწორობის მომავალი საერთო ხედვასა და პასუხისმგებლობაზე დგას, როგორც მთავრობებს, ისე - მრავალმხრივ ინსტიტუტებსა და თვით საზოგადოებებს შორის. საქართველო ამ გზის ერთგულია და მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს - WHO-ს, მსოფლიო ბანკს, აზიის განვითარების ბანკს და სხვებს, რომ ამ გზაზე ერთად მივდივართ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ღონისძიებას, ასევე, ესწრება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გიორგი ჯანჯღავა.
გლობალური ჯანმრთელობის კვირეულის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის სისტემაში ხელოვნური ინტელექტის პოტენციალზე ისაუბრებს.
ასევე, დაგეგმილია შეხვედრა აბუ დაბის ჯანმრთელობის დეპარტამენტის თავმჯდომარესთან და კონფერენციის ხელმძღვანელთან მანსურ ალ მანსურისთან.
Abu Dhabi Global Health Week (ADGHW) აბუ დაბის ჯანდაცვის დეპარტამენტისა (DoH) და მთავრობის მიერ ორგანიზებული, ყოველწლიური ღონისძიებაა, რომლის ფარგლებშიც, პანელური დისკუსიებსა და გამოსვლების ფორმატში, ადგილობრივი, რეგიონული და გლობალური ჯანდაცვის სისტემებზე მსჯელობენ. კონფერენციის მიზანია ჯანდაცვის ლიდერების, ინოვატორების, მარეგულირებლების, ექსპერტების, ინვესტორებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების გაერთიანება, ტექნოლოგიური პროგრესისა და მდგრადობის
ხელშეწყობისთვის.