ქალაქ მცხეთის ცენტრში, ერთადერთი გამორჩეული სახლი და ბაღი, ეზოში კი, საფლავი საოცარი ეპიტაფიით: 1873-1973. დაკვირვებული თვალის გარეშე, თითქმის ვერავინ შეამჩნევს, რომ იქვე დამონტაჟებული პატარა სტენდი, რაიმე განსაკუთრებულზე შეიძლება მიუთითებდეს.  ვიდრე გაზაფხული ძალაში შევა და ამ ბაღის ბინადარი ხე მცენარებიის, ყვავილ- მცენარეების ფერები შიდა სივრცეს თავისი ფერადი ფასადით გადაფარავს, "აიპრესმა" შეხსნა  მიხეილ მამულაშვილის "სამფლობელო" და ბევრ საინტერესო ინფორმაციასთან ერთად, ფაქტობრივი ნიმუშები საავტორო ფოტომასალაში ასახა:

"ილიას ბაღი საგურამოში მას გაუკეთებია. პოეტს თავად უთხოვია დახმარება, ბაღი გამილამაზეო და მასაც ამ საქმისთვის თავი გადაუდვია. ილიას გარდაცვალების შემდეგ, 20 წელიწადი, ყოველ გაზაფხულზე საგურამოში ბაღის მოსავლელად მიდიოდა. ამბობდა, სანამ პირში სული მიდგას, მის ბაღს ყვავილს არ მოვაკლებო... დიდი მამულიშვილი იყო, თავისი საკეთებელი ილიას დონეზე აკეთა"... - ბევრ სხვა ამბავთან ერთად გვიყვება მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი რეზო მამულაშვილი.

მიხეილ მამულაშვილის სამოთხიდან დღეს ძველი დიდების მხოლოდ ნაშთია შემორჩენილი,  ძირძველი ნაწილისა და სახლ მუზეუმის აღდგენა - განახლება მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის ხელშეწყობით, მებაღე დეკორატორის დაბადების 150 - ე საიუბილეო წელს მოხერხდა, თუმცა მცხეთის ცენტრში მდებარე ეს უნიკალური ადგილი მნახველისა და დამფასებლის თვალს მიფარებული, რკინის მასიური მესერის მიღმა ჩუმად განაგრძობს არსებობას და საოცარ ისტორიასთან ერთად ინახავს ყველა იმ ბუნებრივ და მატერიალურ საგანძურს, რომელიც მიხეილ მამულაშვილის ფენომენზე მხოლოდ დაინტერესების შემთხვევაში იწყებს მეტყველებას.  

მოკლე ცნობები მიხეილ მამულაშვილის ბიოგრაფიიდან: 

ქართველი მებაღე-დეკორატორი.

დაიბადა 1873 წლის 14 სექტემბერს, ქალაქ მცხეთაში. 7 წლის იყო, როცა ყვავილებისადმი განსაკუთრებული სიყვარული გაუჩნდა. სწავლობდა პიატიგორსკის პროგიმნაზიაში (1882), შემდეგ წინამძღვრიანთკარის სასულიერო სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში. 1890 წელს დაამთავრა თბილისის საბაღოსნო სასწავლებელი.

დაახლოებით 20 წლის ასაკში, თამამშევის ქარვასლაში მაღაზია გახსნა. მცხეთის ბაღში მოყვანილი ყვავილებისგან დამზადებულ გვირგვინებს, კალათებს და გირლანდებს სთავაზობდა მაშინდელ თბილისელებს. 1890-1898 წლებში მუშაობდა კავკასიის მეფისნაცვლის ბაღში.

1907 წელს ი. წინამძღვრიშვილის ინიციატივით თბილისში გახსნა ყვავილების სალონი. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იყო საბაღოსნო საქმის ერთ-ერთი პოპულარიზატორი.

დიდია მისი ღვაწლი მრავალი ველური ყვავილის გაკულტურებაში. მას სახელი გაუთქვა ორიგინალური სტილის მხატვრულმა კომპოზიციებმა. სისტემატურად მონაწილეობდა ყვავილების რესპუბლიკურ და საკავშირო გამოფენებში. მამულაშვილის მცხეთის ბაღში დაცულია მისი მხატვრული კომპოზიციები და კაბინეტ-მუზეუმები.

1959 წელს რეჟისორმა ოთარ იოსელიანმა მიხეილ მამულაშვილზე გადაიღო ფილმი „საპოვნელა“.

დაკრძალულია მისივე ბაღის ეზოში.

ფოტორეპორტაჟის ავტორი ხათუნა ხატიაშვილი