სხალთის მთავარეპისკოპოსმა  სპირიდონმა, დეკანოზ გიორგი ფუტკარაძეს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა. ბრძანებაში, რომელსაც ხელს მეუფე სპირიდონი აწერს, განმარტებულია, რომ ამის მიზეზი დეკანოზის მხრიდან ტაძრის აშენება გახდა, რომლის საქმის კურსში მთავარეპისკოპოსი არ ჩააყენა. 

„საეკლესიო კანონიკის უხეში დარღვევის გამო, რაც გამოიხატება სხალთის მმართველი მღვდელმთავრის ლოცვა-კურთხევის გარეშე, მღვდელმთავრის იგნორირებით, სხალთის ეპარქიაში რელიგიური საკულტო ნაგებობის აშენებაში, აეკრძალოს მღვდელმოქმედება დეკანოზ გიორგი ფუტკარაძეს. 

აღსანიშნავია, რომ დეკანოზი გიორგი ფუტკარაძე არც თვითონ აყენებდა საქმის კურსში ეპარქიის მმართველ მღვდელმთავარს აღნიშნული საკულტო ნაგებობის მშენებლობის შესახებ, არამედ სხალთის ეპარქიის ორ მღვდელმსახურს, რომლებმაც იცოდნენ აღნიშნული მშენებლობის შესახებ, ეუბნებოდა მეუფეს არ უთხრათ ამ მშენებლობის შესახებო. შესაბამისად, რადგანაც მღვდელმთავარი არ იქნა ჩაყენებული საქმის კურსში მშენებლობის შესახებ, ამან გამოიწვია აღნიშნული ტაძრის უხეში კანონიკური დარღვევით აშენება.

აეკრზალა რა მღვდელმსახურება დეკანოზ გიორგი ფუტკარაძეს, მას მოვუწოდებთ სინანულისკენ, რათა მღვდელმთავარს მიეცეს საშუალება, რომ მას აღუდგინოს მღვდელმსახურება“,- ნათქვამია, სხალთის ეპარქიის ბრძანებაში, რომელიც 9 სექტემბრით თარიღდება და ხელს აწერს, სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი. 
აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონის მხრიდან, მაღალმთიანი აჭარის მრევლში პროტესტი გამოიწვია. ასობით ადამიანი, მეუფე სპირიდონს გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდებს და დეკანოზ გიორგი ფუტკარაძეს მხარდაჭერას უცხადებს. 

მეუფე სპირიდონის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ლევან მჟავანაძემ, რომელიც აცხადებს, რომ საკულტო ნაგებობა, მისი აშენებულია და ამის შესახებ, არაერთხელ ჰქონდა საუბარი, სხალთის მთავარეპისკოპოსთანაც.
„ვინც მე მიცნობთ, იცით, რომ იშვიათად ვაკეთებ საჯარო განცხადებებს, მაგრამ არ შემიძლია არ გამოვეხმაურო სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონის ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ბრძანებას დეკანოზ გიორგი ფუტკარაძისთვის მღვდელმოქმედების აკრძალვის თაობაზე, იმ მოტივით, რომ თითქოს ეს უკანასკნელი მასზე დაუკითხავად და ლოცვა-კურთხევის გარეშე სათავეში ედგა სხალთის ეპარქიაში რელიგიური საკულტო ნაგებობის მშენებლობას, რამაც გამოიწვია ტაძრის მშენებლობის კანონიკური წესის უხეში დარღვევა.
ხსენებული ბრძანების საპირწონედ ვაკეთებ განცხადებას ჯერ ერთი იმიტომ, რომ ვარ შუახევის რაიონის მართლმადიდებელი ქრისტიანი და მინდა გამოვთქვა ჩემი აზრი და მეორედ იმიტომ, რომ ხსენებული სამლოცველო ჩემს მიერ არის აშენებული და ხალხს მინდა ვუთხრა ის სიმართლე, რაც აღნიშნულ ფაქტს ნათელს მოჰფენს. როგორც შუახევის მკვიდრი მთელი ცხოვრება ხელს ვუწყობდი ზემო მთიან აჭარაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის გავრცელაბასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინიციატივას, ასევე მეამაყება ყველა ის ზემოაჭარელი, ვინც დაუბრუნდა ჩვენს ძირძველ მართლმადიდებლურ ქრისტიანობას.

განსაკუთრებით დიდ პატივს იმსახურებს ის ვინც თავისი ცხოვრება დაუთმო მღვდელთმსახურებას და ამით ხელს უწყობს ქრისტიანობის უფრო მეტად გავრცელებას, სწორედ ერთ-ერთი ასეთი ადამიანია დეკანოზი გიორგი ფუტკარაძე, რომელიც რაიონში და არა მარტო, გამოირჩევა თავისი ღრმა განსწავლულობით, სიბრძნით, ღვთისმოსაობით, განსაკუთრებული ნდობითა და სიყვარულით. მინდა გამოვხატო ჩემი პოზიცია დეკანოზი მამა გიორგის სრული მხარდაჭერის თაობაზე და აქვე ვაცხადებ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიმაჩნია უსამართლოდ შემდეგ მიზეზთა გამო:


როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბრძანებაში მითითებული ტაძარი არის პატარა სამლოცველო, რომლის მშენებლობას ვხელმძღვანელობდი მე პირადად ყველა კანონიკის დაცვით და დეკანოზი გიორგი ფუტკარაძე აღნიშნულ მშენებლობაში მონაწილეობდა იმდენად რამდენადაც მშენებლობის დაწყებამდე მას ვთხოვე მშენებლობის შეთანხმება მეუფე სპირიდონთან. ამის შემდგომ, აღნიშნული მშენებლობა პირადად შევუთანხმე სხალთის მთავარეპისკოპოს სპირიდონს, ასევე აღნიშნულ თემაზე არაერთხელ მქონდა მასთან საუბარი როგორც მშენებლობის მსვლელობისას, ასევე მშენებლობის შემდგომაც. უფრო მეტიც, მე მას პირადად მოვუხადე მადლობა სამლოცველოს მშენებლობის მხარდაჭერისთვის და მოვიწვიე სამლოცველოს ლოცვა-კურთხევისთვის, რაც მან მოიწონა და შემპირდა კიდეც, რომ შემდგომისათვის აუცილებლად მოინახულებდა სამლოცველოს და აღავლენდა ლოცვა-კურთხევას, მაგრამ რატომღაც მეუფემ მაინც გადაწყვიტა სამლოცველოს მშენებლობის ორგანიზებაში დაედანაშაულებინა დეკანოზი გიორგი ფუტკარაძე. 


რა თქმა უნდა, მე ვიცი მიზეზი თუ მეუფე სპირიდონმა რატომაც გამოიყენა მოტივად სამლოცველოს მშენებლობა დეკანოზი გიორგი ფუტკარაძისთვის მღვდელმოქმედების აკრძალვისათვის, მაგრამ ვრცელი განმარტებისგან ამჯერად თავს შევიკავებ და შემოვიფარგლები ორი სიტყვით - დეკანოზი გიორგი ფუტკარაძე დაისაჯა მეგობრობისთვის, ღვთის მსახურებისთვის, სიყვარულისთვის და მრევლთა მხრიდან უდიდესი პატივისცემისთვის.
ჩემი მხარდაჭერა დეკანოზ გიორგი ფუტკარაძეს!!!!“,-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ლევან მჟავანაძე. 

დამატებითი განმარტება, მეუფე სპირიდონის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, არც სხალთის ეპარქიის მხრიდან და არც უშუალოდ დეკანოზ გიორგი ფუტკარაძის მიერ, ამ დრომდე არ კეთდება.