საზოგადოების პასუხისმგებლობა სახელმწიფოსა და თანამოქალაქეთა მიმართ, სოციუმში არსებული პრობლემების წარმოჩენისა და მათი დაძლევისთვის ზრუნვაა, - ამბობს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი საშობაო გზავნილში.

"ჩვენო ძვირფასო სულიერნო შვილნო, ობიექტური სინამდვილე მიბიძგებს შევეხო საკითხთა გარკვეულ წრეს, რაც ჩვენი არა მხოლოდ სულიერი, არამედ ყოფითი ცხოვრებისთვის სერიოზულ საფრთხესა და დიდ გამოწვევას წარმოადგენს; ბევრ მათგანს მოსდევს დიდი ტკივილი და ტრაგედია, ცრემლი და უბედურება, რაც წინ ეღობება ადამიანთა სანუკვარი იმედების განხორციელებას, ოცნებების ახდენას. პრობლემათა ამგვარი წნეხის ქვეშ იმყოფება ჩვენი და თუ ძმა, შვილი თუ მშობელი, მეგობარი თუ ახლობელი, არაერთი ოჯახი.

სხვადასხვა სირთულეთა სპექტრში, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ, ფუნდამენტური მნიშვნელობისაა თავისუფლების ტვირთი, რაც განუზომელ პასუხისმგებლობას აკისრებს სახელმწიფოს, საზოგადოებას და თითოეულ მის წევრს, თითოეულ ადამიანს.

რა პასუხისმგებლობებია ეს?

(1) სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ქვეყნის სვე–ბედზე, მის უსაფრთხოებასა და განვითარებაზე, მოქალაქეთა კონსტიტუციური და სამოქალაქო უფლებების დაცვასა და სამართლიანი მოპყრობის თაობაზე და სხვა;

(2) საზოგადოების პასუხისმგებლობა სახელმწიფოსა და თანამოქალაქეთა მიმართ, სოციუმში არსებული პრობლემების წარმოჩენისა და მათი დაძლევისთვის ზრუნვა;

(3) თითოეული მოქალაქის პერსონალური სოციალური პასუხისმგებლობა.

ჩვენ ამ გზაზე ვდგავართ, მაგრამ პროცესი რთულია და მას კიდევ უფრო ართულებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ირგვლივ მიმდინარე რყევები, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ არის ერთჯერადად გასავლელი გზა, არამედ ეს გახლავთ მუდმივად განგრძობადი პროცესი, სადაც მოდუნებას ვარდნის ეფექტი აქვს, შესაბამისი უარყოფითი შედეგებით. იმედს გამოვთქვამ, რომ გარკვეულ ნიშნულს მივაღწევთ, სწორ ორიენტირებს შევინარჩუნებთ და სასურველ შედეგებზე გავალთ. ერთი რამ კი ცხადზე უცხადესია – მყარ საყრდენს მოკლებული იდეები, სურვილები, იმედები მხოლოდ იმედგაცრუებას იწვევს, რასაც ადამიანი (საზოგადოება) უიმედობასა და ნიჰილიზმში შეჰყავს".