„მსურს მადლობა გადავუხადო ყველა მკვლევარს, ვინც ყოველდღიურად ქმნის ახალ იდეებს, ეძებს ინოვაციებს და ავითარებს ცოდნას გლობალურ სივრცეში. თქვენი შრომა და ერთგულება ჩვენი ქვეყნის ინტელექტუალური მომავლის საძირკველია. ძლიერი მეცნიერი ძლიერი სახელმწიფოა. გისურვებთ, რომ თქვენი შემოქმედება და ენერგია მომავალშიც მიმართული იყოს ახალი აღმოჩენებისა და საერთაშორისო აღიარებისაკენ და თითოეული ახალი იდეა გახდეს შთაგონების წყარო მომავალი თაობებისთვის“, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კომიტეტის თავმჯდომარემ რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს საიუბილეო თარიღი – 20 წლისთავი მიულოცა და აღნიშნა, რომ ფონდი წლების განმავლობაში გახდა ქართული მეცნიერების მთავარი ბირთვი, რომელიც არამარტო მხარს უჭერს კვლევებს, არამედ ქმნის გარემოს, სადაც ახალგაზრდა მეცნიერებს შეუძლიათ საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეებში ჩართვა და ინოვაციების განვითარება.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ, სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა.
ღონისძიების ფარგლებში ღვაწლმოსილ და ახალგაზრდა მეცნიერებს გამორჩეული სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის სიგელები და საპატიო ჯილდოები გადაეცათ.
2001 წელს „იუნესკოს“ მიერ დაფუძნებული მეცნიერების მსოფლიო დღე ყოველწლიურად, 10 ნოემბერს მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. 2025 წლის მეცნიერების საერთაშორისო დღის მთავარი სლოგანია: „ნდობა, გარდაქმნა და მომავალი - როგორი უნდა იყოს მეცნიერება 2050 წელს’‘.
ღონისძიებას აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




