გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძეს, საძოვრებისა და ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია  მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძემ მიაწოდა. 

მინისტრის მოადგილემ, სააგენტოს თავმჯდომარესთან ერთად, სხვადასხვა ლოკაციაზე დაათვალიერა განხორციელებული საველე სამუშაოები, გაეცნო პირველად შედეგებს, აღრიცხვის მეთოდოლოგიასა და პრაქტიკული გამოყენების თავისებურებებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ გამოწვევებზე, რომლებიც მიმდინარე პროცესს თან ახლავს.   

მნიშვნელოვან პრობლემად რჩება არასწორი მიწათსარგებლობა: მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხშირია საძოვრების გადახვნისა და ნარჩენების გადაწვის ფაქტები. აღნიშნული უპასუხისმგებლო ქმედება კრიტიკულად ამცირებს ნიადაგის დაცულობას ქარისა და წყლის მავნე ზემოქმედებისგან, რაც ინტენსიურ ეროზიას იწვევს.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანივარდ მოსოიანმა, აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი გააძლიერებს ღონისძიებებს მიწათსარგებლობის დარღვევების აღმოსაფხვრელად.

საძოვრების ინვენტარიზაცია პროგრამის „მერძევეობის დარგის მოდერნიზაცია და ბაზარზე წვდომა: ადაპტაციის კომპონენტი (DiMMAdapt)“ ფარგლებში მიმდინარეობს.

მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძემ ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციასთან დაკავშირებული იმ გამოწვევების შესახებაც მიიღო ინფორმაცია, რომლებიც დროულ რეაგირებას საჭიროებს, რათა გასწორდეს შეუსაბამობები და ამოქმედდეს ქარსაფარი ზოლების შესახებ კანონის რეგულაციები.

საძოვრებისა და ქარსაფარი ზოლების რაციონალური მართვა სასიცოცხლო მნიშვნელობას ატარებს ქვეყნის ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის. არსებული რესურსის აღრიცხვა კი, უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია აღნიშნული მიზნის მისაღწევად.