საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, ქალაქ ზუგდიდში აღნიშნავს. ამ დღეს დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ „იმედის დილის“ ეთერში ისაუბრა.
"ქალაქ ზუგდიდში, მთავარ მოედანზე, 11 საათიდან მოსულ სტუმრებს იუსტიციის სამინისტრო მრავალფეროვანი ღონისძიებებითა და გასართობ-შემეცნებითი პროგრამებით დახვდება. როგორც ყოველთვის, წელსაც ვიზრუნეთ იმაზე, რომ ღონისძიებებში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდეს ნებისმიერი ასაკის სტუმარს. ზუგდიდის მთავარ მოედანზე წარმოდგენილი იქნება თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა, პენიტენციური სამსახურის კვადროციკლები და საჯარო რეესტრის ამზომველების უახლესი მოწყობილობები. გარდა ამისა, ადგილზე მოსულ სტუმრებს დახვდებათ ძალიან საინტერესო ინსტალაციები“, – განაცხადა ლანა მორგოშიამ.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის თქმით, 26 მაისის ღონისძიებებზე სამინისტროს შემადგენლობაში შევალი სხვადასხვა სტრუქტურული ერთეული საკუთარი საქმიანობის შესახებ სტუმრებს არაერთი ინტერაქციული პროგრამით კიდევ ერთხელ გააცნობს თავს.
„იცით, რომ იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაშია საქართველოს ეროვნული არქივი, რომელსაც შემონახული აქვს როგორც დამოუკიდებლობის, ისე ჩვენი გაქრისტიანების უძველესი ისტორიული მასალები. ზუგდიდის მთავარ მოედანზე მოსულ სტუმრებს სწორედ ამ ყველაფრის საკუთარი თვალით ნახვის უნიკალური შესაძლებლობა ექნებათ. ასევე, იუსტიციის სამინისტროს სამარკო ნიშანია პასპორტი. როგორც ყოველ 26 მაისს, წელსაც სამახსოვრო პასპორტს, რომელშიც იუსტიციის სამინისტროს ბოლო ერთი წლის რეფორმებია აღბეჭდილი, სტუმრებს ადგილზევე დავუბეჭდავთ და საჩუქრად გადავცემთ“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.
ლანა მორგოშიას თქმით, 26 მაისის მრავლაფეროვან ღონისძიებებზე, სხვადასხვა ადგილობრივი მეწარმის კუთხესთან ერთად, წარმოდგენილი იქნება „რე-მარკეტის“ სივრცეც.
„რე-მარკეტი“ – ეს არის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისკენ მიმართული ძალიან მნიშვნელივანი ინიციატივა და პროექტი, რომელიც მსჯავრდებულებს საშუალებას აძლევს, მათ მიერ შექმნილი და წარმოებული პროდუქცია ფართო საზოგადოებას ანახონ, რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი კი, საკუთარ საჭიროებებს მოახმარონ“, – თქვა ლანა მორგოშიამ.
იუსტიციის მინისტმის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ბავშვთა გასართობ სივრცეებზე. ლანა მორგოშიას თქმით, 26 მაისს ზუგდიდის მთავარ მოედანზე მისულ ბავშვებს ბევრი სურპრიზი ელით. „ასე რომ, ყველას, ვისაც 26 მაისის საინტერესოდ გატარება სურს, ზუგდიდში გელით. ეს დღე ჩვენია!“ – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.








