თბილისის საკრებულოს წევრი კონსტანტინე ზარნაძე ოპოზიციონერი კოლეგის ბრალდებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  ბრალდებები, რომლებსაც ოპოზიცია მმართველი პარტიის წარმომადგენლებს უყენებს საკრებულოში, უპირველეს ყოვლისა, ამომრჩევლის შეურაცხყოფაა. განცხადება ამის შესახებ კონსტანტინე ზარნაძემ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

მისივე განცხადებით, საკრებულოში ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე არის ადამიანი, რომელიც ნასამართლევია ჩადებისა და  წამების მუხლებით და მას აღიარებულიც აქვს ეს.

„ახლა იმავე ბრალდებებს ჩვენ გვიყენებს. მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას, ამ საქმეში არსებობს დაზარალებული, ამ საქმეზე არსებობს აღიარება და დღემდე ამ ადამიანს არ მოაქვს ნასამართლობის  ცნობა საკრებულოში. მოიტანოს  ცნობა, დაგვიმტკიცოს, რომ ჩვენ ვტყუით და ვიტყვით, რომ შეგვეშალა, თუმცა  ამ მოცემულობაში მე ამის თქმის საშუალება და უფლება არ მაქვს.  მასთან პიროვნული უთანხმოება  არ მაკავშირებს, ეს პოლიტიკური განხილვის საგანი იყო, არის და იქნება, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ იარსებებს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში“,  -  განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.

საკრებულოს წევრმა აღნიშნა, რომ მომავალი არჩევნები ყველას და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს და წერტილს დაუსვამს. 

„დარწმუნებული ვარ,  მომავალი არჩევნები ამ ყველაფერს დაუსვამს წერტილს“,  - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.