საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია 50 წლის იუბილეს ულოცავს 2019 წლიდან ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაში მყოფ ცოტნე გამსახურდიას:

"დღეს ჩემი ძმა, ცოტნე, 50 წლის გახდა.

მახსოვს, როგორ წერდა განსაცდელამდე სულ ცოტა ხნით ადრე: "ჯერ კიდევ ახალგაზრდები ვართ, კაცოუ, არა?" დღეს მეძნელება სიტყვებით გადმოვცე ყველაფერი, რასაც ეს იუბილე ჩემთვის ნიშნავს. ამ წლების მიღმა დგას სრულიად არამარტივი და არასწორხაზოვანი ბიოგრაფიული სვლები, ამავდროულად სიკეთით, სიყვარულით, თავისუფალი აზრითა და სამშობლოს ერთგულებით სავსე ცხოვრება; დგას უმძიმესი განსაცდელი და ბრძოლა სიცოცხლისთვის, რომელსაც ცოტნე დღემდე გასაოცარი სიმტკიცით აგრძელებს.

2019 წლის სასტიკმა თავდასხმამ ჩვენი ოჯახის ცხოვრება ერთ წამში შეცვალა. მას შემდეგ ყოველი დღე, ყოველი პატარა წინსვლა და იმედის ყოველი ნაპერწკალი ჩვენთვის დიდი გამარჯვებაა. ცოტნე იბრძვის — უხმოდ, მაგრამ იმ საოცარი შინაგანი ძალით, რომელიც მას ყოველთვის გამოარჩევდა.

ამ ურთულეს გზაზე მის გვერდით დგანან ადამიანები, რომელთა თავდადებას სიტყვები ვერ დაიტევს. მისი მეუღლე, ანა ჯაბაური, სიყვარულის, ერთგულებისა და ადამიანური თავგანწირვის ნამდვილ მაგალითს გვიჩვენებს. ის დღედაღამ ზრუნავს ცოტნეზე, უმსუბუქებს ტკივილს და იმედით ავსებს მის ყოველ დღეს. მის გვერდით მტკიცედ დგას ჩვენი ძმა გიორგი — მზრუნველი, ერთგული და დაუღალავი, რომელიც ცოტნეს გამოჯანმრთელებისთვის ძალას არასოდეს იშურებს. მათი სიყვარული კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ განსაცდელზე ძლიერი ერთობა და ერთმანეთის გვერდით დგომაა.

ჩემო ცოტნე, დღეს შენს 50-ე დაბადების დღეს განსაკუთრებული გრძნობით გილოცავ. გისურვებ ჯანმრთელობას, ძალას და სრულ გამოჯანმრთელებას. მჯერა, წინ კიდევ ბევრი ნათელი დღე, ბევრი სიხარული და გამარჯვება გელოდება. მჯერა, რომ შენი შეუპოვრობა, ჩვენი ოჯახის სიყვარული და ამდენი ადამიანის კეთილი სურვილი თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

შენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაცაა. შენი ყოველი ნაბიჯი — ჩვენი სიხარული, შენი თითოეული გამარჯვება კი — ჩვენი საერთო გამარჯვება. მახსოვს, ერთხელ სადღეგრძელოში ვუთხარი: შენ კიდევ იმიტომ უნდა იყო კარგად, რომ კოშკის გუშაგის ფუნქცია გაკისრია მეთქი. დიახ, იქ, სად ძილფხიზლობდი და გქონდა ბინა. სადაც თარგმნიდი და წურავდი შენს სურნელოვან ღვინოებს. ეჭვი მაქვს, რომ მათ, ვინც ეს მუხანათური თავდასხმა მოაწყო, ეს კარგად ჰქონდათ ლაჩარ ავკაცებს გაცნობიერებული. უდიდესი უსამართლობაა, რომ ცოტნე იმის გამო, რომ უმწეო მდგომარეობაშია, ვერ ახერხებს ფეხი დაადგას და თვალი მოავლოს საყვარელ სახლსა და ეზოს, ოკუპირებულს ეგომანიაკურ-შიზოიდური ძალების მიერ.  

დიდი სიყვარულით გილოცავ 50 წლის იუბილეს, ჩემო ძვირფასო ძმაო! ვამაყობთ და მთელი გულით გვჯერა შენი.

ღმერთმა მოგცეს ძალა, ჯანმრთელობა და დაგვიბრუნოს შენი ნათელი ღიმილი" - წერს კონსტანტინე გამსახურდია.