დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის განმახორციელებელ ორ კომპანიასთან ხელშეკრულებები გაწყდა, რადგან მათ ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულებს.
როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მიუხედავად ამისა, დედაქალაქის მერია ყველაფერს გააკეთებს, რომ დაპირებისამებრ, გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად, იანვრის ბოლოს აღდგეს.
წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაც, თავდაპირველად, მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლებით დავიწყეთ, რადგან არსებობის განმავლობაში, აღნიშნულ გამზირზე მსგავსი ტიპის სამუშაოები არ განხორციელებულა. რეაბილიტაციის პროცესში იყო გარკვეული პრობლემები, რადგან კონტრაქტორი კომპანიები, ძალიან ხშირად, ვერ ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს. ამჯერადაც მსგავსი ფაქტი გვქონდა და მოგვიწია, პროექტზე მომუშავე ორივე კომპანიას დავმშვიდობებოდით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები მოძრაობის აღდგენისთვის დაწესებულ ვადებში ვერ ეტეოდნენ, რაც მუნიციპალიტეტისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია.
„აღნიშნული კომპანიების წარმომადგენლებმა რამდენჯერმე მოგვმართეს ვადის გადაწევასთან დაკავშირებით და ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, თუმცა აქ ხაზი მინდა გავუსვა ერთ ფაქტს, რადგან „ცრუ მედიებმა“ საზოგადოება არ შეიყვანონ შეცდომაში - ვადის გადაწევაზე როდესაც ვსაუბრობთ, საკითხი არ შეეხებოდა საბოლოო ვადას. იანვარი, რაც იყო ნათქვამი, ის, რა თქმა უნდა, ყოველთვის ძალაში იყო. საუბარია შიდა ვადებზე, რასაც შემდეგ კომპანიები აბალანსებდნენ. მიუხედავად ამისა, ვხედავდით, რომ იყო გარკვეული პრობლემები ვადებთან, ასევე ხარისხთან დაკავშირებით. ამიტომ, საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ ამ კომპანიებს დავემშვიდობოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, უკვე შერჩეულია კომპანიები, რომლებიც წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას განაგრძობენ.
„ჩემთვის, როგორც ქალაქის მერისთვის, რომელსაც აქვს უდიდესი პასუხისმგებლობა თბილისელების წინაშე, მნიშვნელოვანია საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად იანვრის ბოლოს აღდგეს. ამიტომ, შერჩეულია უკვე კომპანიები, ხელშეკრულებებიც გაფორმებულია. სულ რომ ჩვენ მოგვიწიოს მუშაობა - მე, ჩემს მოადგილეებს, თანამშრომლებს, წერეთლის გამზირის სამუშაოების საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილი იანვრის ბოლოს დასრულდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.