თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ რეკრეაციულ ზონებში ხეების უკანონოდ გაჩეხის ფაქტები გამოავლინა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამო, საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს გადაეცემა.
„დედაქალაქში გვაქვს რეკრეაციული ზონები, სადაც არანაირი სამშენებლო ნებართვა არ გაიცემა, თუმცა, სამწუხაროდ, გვაქვს შემთხვევები, როდესაც ადამიანები ტყეს ჩეხენ. ძალიან ბევრი ფაქტი გამოვლინდა. ამჯერად,
მუნიციპალურმა ინსპექციამ წყნეთში, ე.წ. კაკლების დასახლებაში და მახათას მთაზე, ლანდშაფტურ-რეკრეაციულ ზონებში ელდარისა და შავი ფიჭვის უკანონოდ გაჩეხის ფაქტები გამოავლინა და კანონის შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
კანონდარღვევის მასშტაბის გათვალისწინებით, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამო, საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს გადაეცემა.
მინდა, მადლობა გადავუხადო მოქალაქეებს, რომლებმაც ცხელ ხაზზე დარეკეს და ინფორმაცია მოგვაწოდეს, ჩვენი მხრიდან კი მაშინვე მყისიერი რეაგირება მოხდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით, მუნიციპალიტეტის ინიციატივით, 2022 წელს გამკაცრდა კანონი და მნიშვნელოვნად გაიზარდა ჯარიმები. მსგავსი ფაქტის ჩადენა სისხლის სამართლის დანაშაულია და პატიმრობას ითვალისწინებს.
„მსგავს უკანონობას ჩვენი მხრიდან ყოველთვის მოჰყვება რეაგირება და გვექნება მკაცრი მიდგომები. წარმოუდგენელია გავჩეხოთ და გავანადგუროთ ის, რაც მნიშვნელოვანია ამ ქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანისთვის, ჩვენი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის. ეს ქალაქი ყველასია. მხოლოდ თბილისის მერია ხომ არ უნდა იყოს პასუხისმგებელი? ყველა უნდა გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ მას. ერთი მხრივ, რეკრეაციულ პროექტებს ვახორციელებთ, უამრავ პარკს ვაწყობთ, სკვერებს რეაბილიტაციას ვუტარებთ და მეორე მხრივ, ადამიანთა გარკვეული კატეგორია თავისი პატარა ინტერესებისთვის ტყეს ჩეხს. მსგავსი დამოკიდებულება წარმოუდგენელია და კატეგორიულად მიუღებელი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.