მინდა მივმართო თბილისის მოსახლეობას, განსაკუთრებით იმ ოჯახებს და ადამიანებს ვინც ავარიულ შენობა-ნაგებობებში ცხოვრობს, რომ მეგობრებო, ნუ გეშინიათ. აქ არ არის ინვესტორის თემა. გარანტად გიდგათ მუნიციპალიტეტი, სახელმწიფო უწყება და ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა აუცილებლად შესრულდება და თქვენ გადმოგეცემათ ავარიული სახლების ნაცვლად, ახალი აშენებული საცხოვრებელი კორპუსი, სადაც მიიღებთ იგივე ფართის ბინას, რომელიც იქნება სრულად გარემონტებული და მოწესრიგებული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაზე საუბრისას.

მისი თქმით, კონკრეტული სახლის მკვიდრთა 100%-იანი თანხმობაა საჭიროა იმისთვის, რომ ავარიული შენობის ჩანაცვლება მოხდეს.

კახა კალაძის განცხადებით, არის შემთხვევები, როდესაც მოსახლეობის უმეტესობა თანახმაა ჩანაცვლების პროგრამაში ჩაერთოს თუმცა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო პრობლემას ქმნის იმავე ავარიულ შენობაში მცხოვრები რამდენიმე ოჯახი.

„ავარიული სახლები ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა და არა ერთადერთი. ბევრი პრობლემაა თბილისში, რადგან არის ძველი ქალაქი, ამორტიზებული ინფრასტრუქტურა, როგორც მიწის ქვემოთ, ასევე, კონკრეტული ქუჩები, რასაც სჭირდება განახლება-რეაბილიტაცია, რაც დაწყებული გვაქვს 2017 წლიდან.

რაც შეეხება ავარიულ სახლებს რა თქმა უნდა ესეც სერიოზული გამოწვევა არის. ათი ათასამდე შენობა-ნაგებობა არის თბილისში ავარიული, გვაქვს ისეთი სახლები, რომლებიც საცხოვრისად უვარგისია, საჭიროებს დემონტაჟს. თუმცა ვაწყდებით სერიოზულ პრობლემებს, ეს არის მოსახლეობასთან ურთიერთობა, კომუნიკაცია. თუმცა ხშირ შემთხვევაში არის მხარდაჭერაც, თანადგომაც. თავიდან ბევრს არ სჯეროდა, რომ შესაძლებელი იქნებოდა პროცესის ბოლომდე მიყვანა თუმცა კიდევ ერთხელ, მინდა მივმართო თბილისის მოსახლეობას, განსაკუთრებით იმ ოჯახებს და ადამიანებს ვინც ავარიულ შენობა-ნაგებობებში ცხოვრობს, რომ მეგობრებო, ნუ გეშინიათ. აქ არ არის ინვესტორის თემა. გარანტად გიდგათ მუნიციპალიტეტი, სახელმწიფო უწყება და ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა აუცილებლად შესრულდება და თქვენ გადმოგეცემათ ავარიული სახლების ნაცვლად, ახალი აშენებული საცხოვრებელი კორპუსი, სადაც მიიღებთ იგივე ფართის ბინას, რომელიც იქნება სრულად გარემონტებული და მოწესრიგებული.

მთავარია 100%-იანი თანხმობა იყოს. ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც მაგალითად, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანები, მიზანმიმართულად ახორციელებენ კონკრეტული პროექტის განხორციელებას. იყო კონკრეტული შემთხვევები, რომ უკვე ყველაფერი შეთანხმებული, მოსახლეობასთან გავლილი და სამმა ოჯახმა შეაფერხა პროექტის განხორციელება. მიზანმიმართულად კეთდებოდა ეს, რომ ეს სიკეთე არ მიეღო იქ მცხოვრებ ადამიანებს. როდესაც 30 ოჯახი ცხოვრობს და 27 ოჯახი ხელს აწერს და მზად არის იმისთვის, რომ ჩაერთოს აღნიშნულ პროგრამაში და სამი ოჯახი, რომ ვიცით მისი პოლიტიკური შეხედულებები და კონკრეტულად საუბრობდნენ იმას, რომ „აი, მიშა გამოვა და მიშა აგვიშენებს“, წარმოუდგენელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.