თბილისში მოსული უხვი ნალექის პერიოდში არ დარჩენილა არცერთი ზარი თუ შეტყობინება რეაგირების გარეშე, - ამის შესახებ თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დედაქალაქის მთავრობა, შესაბამის სამსახურებთან ერთად, თოვლის სახით მოსულ უხვ ნალექს მომზადებული შეხვდა.
„თოვლი ჩვენი ქალაქისთვის უცხო არ არის, რის გამოც ზამთრის სეზონს ყოველთვის მომზადებული ვხვდებით. ველოდით უხვ ნალექს და გვქონდა სრული მზადყოფნა. მომზადების მიუხედავად, ჩვენს მოსახლეობას არაერთი პრობლემა შეექმნა. ქალაქში დაფიქსირდა ხეებისა და ელექტროგადამცემი ბოძების წაქცევის უამრავი ფაქტი. მათ შორის, ზიანი მიადგა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის უნიკალურ ხე-მცენარეთა კოლექციას და იშვიათი მერქნიანი მცენარეების გამორჩეულ ეგზემპლარებს. ასევე, არაერთ მისამართზე ჩამოიშალა გრუნტის დამჭერი კედელი და მიწის მასა, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, დაფიქსირდა გადაადგილების პრობლემები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მანვე გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებს და მთავრობის წევრებს.
„გზების ინტენსიურად წმენდის გარდა, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურს და მათ წარმომადგენლებს მოუწიათ, პროცესში 24-საათიანი ჩართვა, რათა არსებული გამოწვევები მაქსიმალურად სწრაფად მოგვარებულიყო. ჩვენი რაიონული გამგეობების წარმომადგენლები, კონტრაქტორი და პროვაიდერი კომპანიები, შპს „ეკოსერვის ჯგუფი“, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ და თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური დღემდე აქტიურად არის ჩართული უამინდობით გამოწვეული შედეგების აღმოფხვრაში. თითოეულ მათგანს მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. მადლობა ვიცე-მერს გიორგი ტყემალაძეს, მოადგილე ირაკლი ბენდელიანს, ვინც კურირებდა აღნიშნულ მიმართულებას, გამგებლებს, მთავრობის წევრებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.










