მსოფლიო პოპვარსკვლავის ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტზე დამსწრე საზოგადოების შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი და მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ტრანსპორტი მოქალაქეებს 24 ივლისის 02:00 საათამდე მოემსახურება.


„კონცერტზე დამსწრე საზოგადოების შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსები და მეტრო, გახანგრძლივებული დროით, 24 ივლისის 02:00 საათამდე იმუშავებს. 


აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტი გადაადგილდება ალტერნატიული მარშრუტებით. კონცერტი 21:00 საათზე დაიწყება. ავტობუსების მარშრუტების შესახებ დეტალური ინფორმაცია უკვე გავავრცელეთ, თუმცა დაინტერესებულ
პირებს, მისი მოძიება თბილისის მერიის ვებგვერდზე, ასევე, სოციალურ ქსელში, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს გვერდზე შეუძლიათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.


მისივე თქმით, „სთარინგ ჯორჯიას“ მიერ დაგეგმილი კონცერტის გამო, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობაც შეიზღუდება.


შეზღუდვა 24 ივლისის 01:00 საათამდე იმოქმედებს.