საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია გახსნა, სადაც განათლების ხარისხის უზრუნველყოფის კონტექსტში უმაღლესი, პროფესიული, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით მიღწევები და გამოწვევები განიხილეს.
გივი მიქანაძემ დამსწრე საზოგადოებას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დაარსებიდან 15 წლისთავი და ბოლონიის პროცესის 20 წლის იუბილე მიულოცა. მან წარმატება უსურვა ცენტრს მომავალ საქმიანობაში და განათლების ყველა საფეხურზე ხარისხის უზრუნველყოფის კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ENQA, EQAR, WFME, EUA და სხვა მნიშვნელოვანი ორგანიზაციების წარმომადგენლების ჩართულობა საქართველოს განათლების სისტემის ხარისხის გაუმჯობესების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ჩვენთვის ამ ორდღიან კონფერენციასაც გამორჩეული დატვირთვა აქვს.
ასეთი მასშტაბური ორგანიზაციების მხარდაჭერა და დღეს გამართული დისკუსიები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთგული და ღირებული თანამშრომლობა აკავშირებთ,” - განაცხადა გივი მიქანაძემ.
ორდღიან საერთაშორისო კონფერენციაში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA), უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR), სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციისა (WFME) და ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) წარმომადგენლები მონაწილეობენ. ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, ღონისძიებას ესწრებიან უმაღლესი, პროფესიული, ზოგადი, ადრეული და სკოლამდელი აღზრდის საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები და თანამშრომლები.