ეს არის ციხის საავადმყოფო, რომელიც აკეთებს იმას, რასაც უბრძანებენ - მიხეილ სააკაშვილს ციხეში დაბრუნებას უპირებენ - ამის შესახებ ექსპრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რითაც კლინიკა „ვივამედის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„ვივამედის“ არცერთი ექიმი დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას არ იღებს, ეს არის ციხის საავადმყოფო, რომელიც აკეთებს იმას, რასაც უბრძანებენ, უბრძანებს პენიტენციური სისტემა, ისიც არ არის დამოუკიდებელი, იმას აკეთებენ, რასაც ბრძანებს ივანიშვილი.
„ვივამედის“ განცხადებიდან გასაგებია, რომ უპირებენ ციხეში დაბრუნებას და ეს ვუთხარი კიდევაც ჩემს შვილს.
ადამიანი ავად არის, ძალიან სუსტად. რომელი ექიმი მოაწერს ხელს, რომ ის ჯანმრთელია?! ადამიანი ფეხზე ვერ დგება, 62 კილო არის. 47 დიაგნოზი აქვს, აქედან 3 უმძიმესი.
მძიმე მეტალებით არის მოწამლული. დიდი ხანია, ამის ორგანიზმიდან გამოყვანაა საჭირო, მაგრამ ეს საკითხი არ დასმულა. მთელი ეს პერიოდი იმას ემსახურება, რომ როგორმე მოკლან ჩემი შვილი. მივხვდი, რომ ციხეში დაბრუნებას უპირებენ. შიდა ექიმებიც [ამას ამბობენ]. ჩემს შვილს ტელეფონი არ აქვს, სრულ იზოლაციაში ჰყავთ, ძალიან შეზღუდულია იმ პირთა წრე, ვისაც მისი ნახვა შეუძლია. დღეში 2-ჯერ მიმაქვს საკვები, რომ ამბობენ, თურმე არ მიმაქვს და მინდა მოვკლა.
ისპანახი, "ალადიკები" მივიტანე და ისპანახი ნახევარზე მეტი შეჭამა, სხვები როგორ იკვებებიან დილით?! რატომ წარმოუდგენიათ, რომ მოწამლული ადამიანი განსაკუთრებულს უნდა ჭამდეს. ხორცს მოწამვლის გამო ვერ ჭამს. საჭმელი არ შეუძლია, ამბობს: "არ გამაგონო". ადამიანი მოწამლულია" , - აღნიშნავს ალასანია.
„ვივამედის“ განცხადებით, ის სიმპტომური მკურნალობა, რაზედაც თანხმობას აცხადებს პაციენტი, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში.