თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვაკის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ტყემალაძემ, დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან,  მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან, რაიონის გამგებელთან, დავით კვინიკაძესთან და პარლამენტის ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან, ნოდარ ტურძელაძესთან, ერთად ვაჟა-ფშაველას  I კვარტალში არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

ირაკლი ციციშვილის სახელობის პარკი ვაჟა-ფშაველას I კვარტალში N 4 -7 და N 20-26 კორპუსებს შორის 2 ჰა ფართობს მოიცავს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს.

„ვფიქრობ, ციციშვილის სახელობის პარკის რეაბილიტაცია ერთ-ერთი დიდი და მნიშვნელოვანი პროექტია ქალაქის მასშტაბით, რადგან სარეაბილიტაციო სივრცე 

დაახლოებით 2 ჰა-ზე მეტ სივრცეს მოიცავს. დარწმუნებული ვარ, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის და არამხოლოდ მათთვის, ეს მნიშვნელოვანი  დასასვენებელი და გასართობი სივრცე იქნება.

თითოეული  სარეკრეაციო სივრცე  მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისა და მოქალაქეებისთვის, 

განსაკუთრებით კი როდესაც ასეთ მასშტაბურზეა ლაპარაკი.  მინდა მივულოცო ადგილობრივ მოსახლეობას და მადლობა გადავუხადო ყველას,  ვინც  ამ პროექტის განხორციელებაში არის ჩართული“,  -  განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ირაკლი ციციშვილის სახელობის პარკში დაგეგმილია საბავშვო და სპორტული მოედნების, სკეიტპარკის, საფეხმავლო ბილიკების, ცხოველების სასეირნო სივრცის, ფანჩატურების მოწყობა, დამონტაჟდება გარე განათების, ვიდეოსამეთვალყურეო  და სარწყავი სისტემები, დაიდგმება საპარკე ინვენტარი. ასევე ჩატარდება გამწვანების ღონისძიებები, ტერიტორიაზე შეიტანენ ნოყიერი მიწის ნაზავს, დაითესება ბალახი და დაირგვება ასობით ნერგი. პროექტი  მიმდინარე წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.