ამომრჩეველმა ბიულეტენზე უნდა გააფერადოს მხოლოდ ერთი, მისთვის მისაღები პოლიტიკური პარტიის წინ არსებული წრე, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ყველა შეკითხვა ცესკო-ს“.
„სხვა შემთხვევაში, ის ბიულეტენი ბათილი იქნება. ასევე ბათილია ბიულეტენი, თუ არცერთი წრე არ არის გაფერადებული, თუ ერთზე მეტი წრეა გაფერადებული ან სხვაგვარად მონიშნული“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
აღნიშნული განცხადებით ცესკო-ს თავმჯდომარემ უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას, „აქვს თუ არა ამომრჩეველს შეცდომის გამოსწორების უფლება, მაგალითად, თუ მან შეცდომით გააფერადა სხვა წრე და შემდეგ მოუნდა სასურველი პოლიტიკური გაერთიანების წინ არსებული წრის გაფერადება?“
კალანდარიშვილის განმარტებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველს ბიულეტენში დახვდება 18 პოლიტიკური გაერთიანება.
„აქვე შევახსენებ ამომრჩეველს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების გამო ბიულეტენში მონაცემები ორ სვეტად იქნება – ერთი პარლამენტის ნაწილში და მეორე უმაღლესი საბჭოს ნაწილში, სადაც ამომრჩეველმა შესაბამის სვეტებში უნდა მოახდინოს სასურველი თითო-თითო წრის გაფერადება. აქვე ვიტყვი, რომ უმაღლესი საბჭოს არჩევნებში 11 სუბიექტი იღებს მონაწილეობას. ამასთანავე, შევახსენებ ჩოხატაურის და სამტრედიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირებს, რომელთა ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება შუალედური არჩევნები საკრებულოს გამოკლებული წევრის შევსების მიზნით, ამ მაჟორიტარული ოლქის საზღვრებში ბიულეტენი ასევე იქნება წარმოდგენილი ორ სვეტად, სადაც ერთ შემთხვევაში პარლამენტის არჩევნებში მონაწილე სუბიექტს აირჩევს ამომრჩეველი, ხოლო მეორე სვეტის შემთხვევაში ერთ ნაწილში – ჩოხატაურის, მეორე ნაწილში კი – სამტრედიის“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რას უპასუხებს სხვადასხვა ჯგუფის თუ ორგანიზაციის მხრიდან წამოჭრილ ბრალდებას, თითქოს შესაძლებელია, ამომრჩეველი სხვისი პირადობის მოწმობით მივიდეს ან სხვისი პირადი ნომერი გამოიყენოს პასპორტით მისვლის შემთხვევაში და ასე მისცეს ხმა, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ ეს მითი თუ უსაფუძვლო შეფასება საფუძველშივე აზრს მოკლებული და გამორიცხულია. როგორც კალანდარიშვილი ამბობს, კომისიის წევრი ახდენს ამომრჩევლის ეკრანზე გამოტანილი ინფორმაციის და ID ბარათის თუ პასპორტის მონაცემების ვერიფიკაციას, საარჩევნო კომისიაში კი, გარდა პროფესიული ნიშნით არჩეული რვა წევრისა, არის შესაბამისი უფლებასმოსილი პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული ცხრა წევრი, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობენ და მონიტორინგის განხორციელების უფლება აქვთ. კალანდარიშვილის განმარტებით, ასევე უბანზე არიან მედიის წარმომადგენლები და საერთაშორისო დამკვირვებლები.
„ვინმე თუ უშვებს, რომ 17 ადამიანი, თავისი დამკვირვებლებით და მედიით, თავისი წარმომადგენლებით და საერთაშორისო დამკვირვებლებით ამ ყველაფერზე შეთანხმდა, ამდენი ადამიანი ასე ერთობლივად ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავს, არ ვიცი, მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია?“ – განაცხადა კალანდარიშვილმა.