ყველა ჩვენგანი კვირას სამოთხეს დაიბრუნებს. ასე იბადება ტანჯვიდან ბედნიერება.
ორი დღეც და... - წერს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გია მურღულია სოციალურ ქსელში:
დღეს წითელი პარასკევია - კაცობრიობის მეორე დიდი დანაშაულისა და შეცდომის დღე - აკრძალული ხის ნაყოფის გასინჯვისა და სამოთხიდან გამოძევების შემდეგ.
ამ დღეს იესო ჯვარს აცვეს.
ჯვარზე ყველაზე დიდ დამნაშავეებს აკრავდნენ და ისინი ხანგრძლივი და საშინელი წამებით იღუპებოდნენ.
სრულიად უცოდველი მხსნელი ასეთი სასტიკი სიკვდილისთვის გაიმეტეს:"ვაი, რა კარგი, საჩინო რა ავად მიგიჩნიესო".
იმ დღეს მზის დაბნელება იყო.ფიზიკური მზის დაბნელება ყველამ დაინახა, სულიერი მზისა კი - თითქმის ვერავინ.
მალე ქრისტე აღსდგება - "სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი".
მაცხოვრის უწმიდესი სისხლის პირველი წვეთი რომ დაეცემა ადამის თავის ქალას (გოლგოთა "თხემის ადგილს" ნიშნავს, რადგან პირველი კაცის თავის ქალა სწორედ აქ არის დამარხული - ამიტომ არის ჯვარცმის კომპოზიციებზე ის გამოსახული იესოს ფერხთით), იმ წამიდან პირველი ცოდვა გამოსყიდულია.სწორედ მესია დაამარცხებს ამაოებას და ნამდვილ ცხოვრებას დაამკვიდრებს.
ორი დღეც მოვიცადოთ.
მესამე გარდაუვლად გათენდება და ამქვეყნად ყველაზე დიდი სასწაული კიდევ ერთხელ ახარებს ადამიანს, რომ ის, თავისი ბუნებით, მარადისობის შვილია.
ყველა ჩვენგანი კვირას სამოთხეს დაიბრუნებს. ასე იბადება ტანჯვიდან ბედნიერება.
ორი დღეც და...